მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ის ჭკვიანი სათვალის პრეზენტაცია 2027 წლის ბოლომდე გადაიდო

Apple-ის სათვალე

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი თავის AI-მხარდაჭერის მქონე ჭკვიან სათვალეს ბაზარზე 2027 წლის ბოლომდე არ გამოუშვებს. Bloomberg-ის ანალიტიკოსისა და Apple-ის ინსაიდერის, მარკ გარმენის ცნობით, კომპანიამ პროდუქტის 2026 წლისთვის გამოშვებაზე უარის საბოლოოდ თქვა, მიზეზად კი განვითარების პროცესში წარმოქმნილი გარკვეული სირთულეები გახდა.

მანამდე ინდუსტრიაში მიიჩნევდნენ, რომ მოწყობილობის ანონსი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგებოდა, ხოლო მიწოდება 2027 წლის დასაწყისში დაიწყებოდა. საგულისხმოა, რომ Apple-ის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.

როგორც ირკვევა, ჭკვიანი სათვალის პროექტი კომპანიის ახალი ხელმძღვანელობისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტადაა ქცეული, შესაბამისად, Apple-ს არ სურს ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც ტექ-გიგანტის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს. ჯონ ტერნუსი, რომელიც კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიკავებს, თავად ხელმძღვანელობს პროდუქტის განვითარების გუნდს.

გარმენის განცხადებით, სათვალე კონკურენტებისგან გამორჩეული დიზაინით, მათ შორის ოვალური ფორმის კამერებითა და განსხვავებული ჩარჩოებით გამოჩნდება ბაზარზე. სამომავლოდ კორპორაცია გეგმავს, რომ მოწყობილობას ჯანმრთელობის მონიტორინგისა და გაფართოებული რეალობის ფუნქციებიც შემატოს, თუმცა თავდაპირველ ვერსიაში მათ, მაღალი ალბათობით, ვერ ვიხილავთ.

თავად მოწყობილობა აღიჭურვება ფოტო და ვიდეო კამერებით, მიკროფონებითა და დინამიკებით, რაც მომხმარებელს ზარებზე პასუხის გაცემისა და მუსიკის მოსმენის საშუალებას მისცემს. ამასთან, სათვალეს ექნება მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა, რომელიც ბრძანებებს ხმოვანი ასისტენტის, Siri-ს მეშვეობით შეასრულებს. კომპანია ამჟამად რამდენიმე ტიპის დიზაინს ტესტავს, მათ შორის Ray-Ban Wayfarers-ის მსგავს მართკუთხა და სხვადასხვა ზომის ოვალურ ფორმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები