Samsung-ი თავის პირველ ჭკვიან სათვალეს, სავარაუდო სახელწოდებით Galaxy Glasses-ს, მომავალ თვეში გამოუშვებს.
ტექნოლოგიური გამოცემა SammyGuru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მოწყობილობა სტანდარტული ლინზებით მხოლოდ 41 გრამი იქნება. ეს ნიშნავს, რომ Samsung-ის პროდუქტი ბაზარზე არსებულ Meta-ს ყველაზე მსუბუქ, 43-გრამიან Ray-Ban-ის მოდელზე მსუბუქი იქნება. როგორც ირკვევა, აშშ-ში მომხმარებლები სათვალის შეძენას ნოემბრიდან Warby Parker-ისა და Gentle Monster-ის ვებგვერდებზე, ასევე Samsung-ის ოფიციალურ მაღაზიებში შეძლებენ. საყურადღებოა, რომ კომპანიას მოწყობილობის ღირებულება ჯერ არ გაუსაჯაროებია.
რაც შეეხება დიზაინსა და პარტნიორობას, სამხრეთკორეული გიგანტი მომხმარებლებს სხვადასხვა სტილისა და ფერის მოდელებს შესთავაზებს. კერძოდ, სამხრეთკორეული ბრენდი Gentle Monster-ი ექვსი განსხვავებული ფორმის ჩარჩოს დაამზადებს, რომელთა ლინზებიც ცხრა ფერში, მათ შორის გამჭვირვალე, ცისფერ, ნაცრისფერ, ყავისფერ, შავ და შინდისფერ ტონალობებში იქნება ხელმისაწვდომი. ამას გარდა, ამერიკული ბრენდი Warby Parker-ი ბაზარზე სამ სტილს გამოიტანს. მათგან Alden-ისა და Wren-ის მოდელები მუქ მწვანე და მოწითალო-ყავისფერ ფერებში გაიყიდება, ხოლო Reid-ის ვერსია მხოლოდ შავ ფერში გამოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს მოწყობილობა მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებითა და ხელოვნური ინტელექტის სისტემით იქნება აღჭურვილი. სათვალე Snapdragon AR1 Gen 1-ის ჩიპზე, 2 გიგაბაიტი მოცულობის ოპერატიულ და 64 გიგაბაიტი მოცულობის შიდა მეხსიერებაზე იმუშავებს. მას ასევე 12-მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელსაც წამში 30 კადრის სიხშირით 3K გაფართოების ვიდეოს გადაღება შეუძლია. აუდიოსისტემა ღია ტიპის დინამიკსა და ოთხ მიკროფონს მოიცავს, ხოლო ელემენტი ერთი დამუხტვით 9 საათს, სპეციალური ქეისის გამოყენებით კი 72 საათამდე გაძლებს.
პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში სათვალე Android XR-ის ოპერაციულ სისტემასა და Google Gemini-ის ხელოვნურ ინტელექტს დაეყრდნობა. მომხმარებლებს ხმოვანი ბრძანებებით ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, ზარების განხორციელება, ტექსტის თარგმნა, ნავიგაციით სარგებლობა და მუსიკის მოსმენა შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ Meta-ს ანალოგიური მოდელების მსგავსად, არც Samsung-ის სათვალეს ექნება ვიზუალური ეკრანი, რის გამოც, შეტყობინებების გაგზავნა და მოსმენა მხოლოდ მიკროფონებისა და დინამიკების მეშვეობით განხორციელდება. სპეციფიკური ფუნქციების გამოსაყენებლად მფლობელებს One UI 9-ის სისტემაზე მომუშავე Galaxy S-ის, Z Fold-ის ან Z Flip-ის სმარტფონები და Wear OS 7-ის მქონე Galaxy Watch-ი დასჭირდებათ.
ცნობისთვის, Samsung-ის ახალი პროდუქტი ბაზარზე კონკურენციას გაუწევს მსგავს მოწყობილობებს, რომელთა შორისაც Meta-ს Ray-Ban-ი და XREAL-ის მიერ მიმდინარე შემოდგომაზე დაანონსებული Aura-ს სათვალეა. ამასთან, ამავე სექტორში საკუთარი პროდუქტის გამოშვებას მომავალი წლიდან Apple-იც დაიწყებს.
























