49 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც პლანეტის ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანია დაფუძნდა. კომპანია, რომელიც 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა ავტოფარეხში დააარსეს, დღეს Apple-ის სახელითაა ცნობილი და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $3.3 ტრილიონს აღწევს, რაც იმას იმას ნიშნავს, რომ ეს ამერიკული კომპანია სახელმწიფოების უმეტესობაზე დიდი და მნიშვნელოვანია.
Apple-ის პირველი პროდუქტი Apple I იყო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა იმ დროისთვის უნიკალურ გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელით აწყობილი, სატესტო კომპიუტერი იყო, მან საფუძველი ჩაუყარა პერსონალური კომპიუტერების ერას და ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციას. მალე, 1977 წელს, გამოჩნდა Apple II, რომელმაც ფერადი გრაფიკის მხარდაჭერითა და გამარტივებული ინტერფეისით ფართო აუდიტორიის გული დაიპყრო და კომერციულად წარმატებულ პროდუქტად იქცა.
1984 წელს Macintosh-ის გამოშვებამ არსებითად შეცვალა ტექნოლოგიური ლანდშაფტი. გრაფიკული ინტერფეისისა და მაუსის ინტეგრაციით, Macintosh-მა კომპიუტერის გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი გახადა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც, რომელსაც IT-განათლება არ ჰქონდა და ტექნიკურ ცოდნას არ ფლობდა. შემდეგ კი დაიწყო Apple-ის სწრაფი განვითარება და ახალი პროდუქტების შექმნა, ანუ თანამედროვე Apple-ის ეპოქა, რომელიც ინოვაციურობასთან და სტივ ჯობსის პერსონასთან არის დაკავშირებული.
2001 წელს iPod-მა მუსიკის მოსმენის კულტურა ერთ დღეში შეცვალა. კომპაქტური და ელეგანტური დიზაინით, iPod-მა მილიონობით ადამიანს მისცა საშუალება, საკუთარი მუსიკალური ბიბლიოთეკა ჯიბით ეტარებინა, კასეტების, დისკების და ფირფიტების გარეშე.
2007 წელი Apple-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სტივ ჯობსმა საზოგადოებას პირველი iPhone-ი წარუდგინა, რომელიც, რეალურად, პირველი სმარტფონია, ანუ მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს: ტელეფონის, ინტერნეტ ბრაუზერის, მულტიმედიის და კამერის ფუნქციონალს. iPhone-ის გამოჩენამ ტექნოლოგიური ინდუსტრია თავდაყირა დააყენა და ის დღემდე რჩება Apple-ის პორტფელში ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად, რომელიც ყოველწლიურად $200 მილიარდის შემოსავალს აგენერირებს.
2010 წელს iPad-მა პლანშეტების ბაზარი გარდაქმნა და მომხმარებელს კონტენტის მოხმარებისა და შექმნის სრულიად ახალი ფორმატი შესთავაზა. პირველი iPad-ის გამოჩენიდან 15 წელი გავიდა, თუმცა ის ისევ რჩება ინდუსტრიის ეტალონად და შემოქმედების რჩეულ მოწყობილობად.
ბოლო წლებში, ანუ ტიმ კუკის მმართველობის დროს, Apple-მა კიდევ უფრო გააფართოვა თავისი პროდუქტების პორტფელი. 2015 წლიდან Apple Watch-მა ჯანმრთელობისა და ფიტნესის მიმართულებით ახალი შესაძლებლობები შექმნა, ხოლო მოგვიანებით კომპანიამ AirPods-ების წარმოება დაიწყო, რომელთა წყალობით, Apple-მა შემოსავლების მკვეთრად გაზრდა შეძლო.
კომპიუტერული მოწყობილობების მიმართულებით Apple Silicon-ის პროცესორების დანერგვამ (M-სერიამ) 2020 წლიდან კიდევ ერთი რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიაში. ამ პროცესორებმა Mac-ების წარმადობა, ენერგოეფექტურობა და სიმძლავრე მკვეთრად გაზარდეს, რის ხარჯზე, MacBook Air-მა კომპაქტური ლეპტოპების სეგმენტში ლიდერობა მოიპოვა, MacBook Pro-სერიის შესაძლებლობები კი არსებითად სხვა კატეგორიაში გადავიდა.
ახლა უკვე კომპანიის უახლესი ინოვაციაა Vision Pro, რომელიც 2023 წელს წარადგინეს. ეს AR/VR სათვალე Apple-ის მიერ გადადგმული თამამი ნაბიჯია, რომელიც კომერციულად წარმატებული არ არის, თუმცა იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ექსპერიმენტებს არ ერიდება და ინოვაციურ ბუნებას ინარჩუნებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის მიმართულებით Apple-ი კონკურენტებს ჩამორჩება, რადგან Apple Intelligence-ის შესაძლებლობები ჯერაც შეზღუდულია და Siri-ის შედარება Google Gemini-სთან საკმაოდ რთულია.
გარკვეული სირთულეების მიუხედავად, დღეისათვის Apple-ი არა მარტო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია, არამედ სტილისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომლის ბრენდის იდენტობა იმდენად ძლიერია, რომ, როგორც წესი, Apple-ის მომხმარებლები სხვა კომპანიების შეთავაზებებს სერიოზულად არც განიხილავენ, რაც მისი $3.3-ტრილიონიანი საბაზრო შეფასების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.