ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა პირველი სენსორული OLED ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro-ს გამოშვებისთვის მზადება დაასრულა.
კომპანია ახალ 14 და 16-ინჩიან მოდელებს 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ პრეზენტაციაზე ოფიციალურად წარადგენს. ღონისძიება "Pro and tell" სახელწოდებით გაიმართება, მოწყობილობების გაყიდვები კი შესაძლოა 6 ნოემბრიდან დაიწყოს.
პროდუქტი ბაზარზე პრემიუმ კლასის შეთავაზების სახით გამოვა და ის "Ultra" სახელწოდების ნაცვლად Pro ხაზს შეინარჩუნებს. პროდუქტის საწყისი ფასი 14-ინჩიანი მოდელისთვის $2,499 იქნება, 16-ინჩიანი ვერსიის ღირებულება კი $2,999-დან დაიწყება. უფრო მაღალი სიმძლავრის M5 Max პროცესორით აღჭურვილი მოდელების ფასი $4,099-სა და $4,399-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ ლეპტოპი mini-LED ტექნოლოგიას სრულად ჩაანაცვლებს და მომხმარებელს მოწინავე Tandem OLED პანელს შესთავაზებს. ეს ტექნოლოგია ეკრანზე პიქსელების ინდივიდუალურ გამორთვას ეფუძნება. ახალი პანელი შავი ფერის მაქსიმალურ სიმუქეს უზრუნველყოფს და კონტრასტის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის. Tandem OLED სისტემა ეკრანის დაზიანების რისკსაც ამცირებს.
ამასთან, მოწყობილობას Mac-ების ისტორიაში პირველი სენსორული ეკრანი ექნება. აღსანიშნავია, რომ ის არც კლავიატურას და არც ე.წ. თრექპედს არ ჩაანაცვლებს და მათთან ერთად გამოყენებადი იქნება. საყურადღებოა, რომ ეკრანზე თითის შეხებისას რყევის თავიდან ასაცილებლად, ინჟინრებმა ლეპტოპის სამაგრი მექანიზმი საგანგებოდ გაამაგრეს.
ახალ მოდელში ვიზუალურ ცვლილებებსაც ვიხილავთ. კორპუსი წინამორბედებთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქი გახდება. ამასთან, Apple-ი ეკრანის ტრადიციულ ჭრილსაც გააუქმებს და მას iPhone-ის სტილის Dynamic Island-ით ჩაანაცვლებს. ეს გადაწყვეტილება ეკრანზე სამუშაო სივრცეს გაზრდის.
შეგახსენებთ, Apple-მა MacBook Pro-ს დიზაინი ბოლოს 2021 წელს, M1 Pro და M1 Max ჩიპების გამოსვლის დროს განაახლა. ამასთან, კომპანიამ Mac-ის ხაზის პროდუქტებზე ფასები 2026 წლის ივნისში მინიმუმ $300-ით გაზარდა.
























