Apple-ის თანადამფუძნებელმა და ცნობილმა კომპიუტერულმა ინჟინერმა, სტივ უოზნიაკმა Tesla-ს ელექტრომობილები გააკრიტიკა. მისი თქმით, ყოველი ახალი სისტემური განახლება (update) ელექტრომობილს უფრო პრობლემურს და კომპლექსურს ხდის, რაც სამომხმარებლო გამოცდილებას აუარესებს.
უოზნიაკის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იცვლება სისტემაში ღილაკების და მენიუს განლაგება ყოველი დიდი განახლების შემდეგ. როგორც ის ამბობს, მომხმარებლებს შეუმჩნეველი ევოლუცია და პროდუქტის გაუმჯობესება სურთ და არც ყველაფრის თავდაყირა დაყენება და ავტომობილის ფუნქციონალის ხელახლა შესწავლა.
უოზნიაკი იმასაც ამბობს, რომ უშუალოდ მის მფლობელობაში არსებული Tesla-ს მდგომარეობა ყოველი განახლების შემდეგ უარესდება და ავტომობილით სარგებლობა სულ უფრო არასასიამოვნო ხდება, რაც Apple-ის თანადამფუძნებლისთვის უბრალოდ მიუღებელია. მისი თქმით, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით Tesla მსოფლიოში "ყველაზე ცუდი" კომპანიაა.