მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა უეკრანო ფიტნეს-სამაჯურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

Apple-ის უეკრანო სამაჯური

Apple-მა ახალი ტიპის უეკრანო ფიტნეს-სამაჯურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კომპანიამ თხელი ქსოვილით შეკერილი და სპეციალური სენსორული მოდულით აღჭურვილი პროტოტიპები უკვე დაამზადა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალ პროექტზე მუშაობდა ის ტექნიკური გუნდი, რომელმაც მანამდე Vision Pro შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიმართ პირადი ინტერესი კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ტიმ კუკმა და სერვისების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ედი კიუმ გამოხატეს. მართალია, ხელმძღვანელობას მოწყობილობის სერიულ წარმოებაში ჩაშვების საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა თუ Apple-ი მის გაყიდვებს დაიწყებს, ეს 2028 წლამდე არ მოხდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უეკრანო სამაჯურის იდეა Apple-ის განახლებულ სტრატეგიას სრულად ემთხვევა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ცოტა ხნის წინ წარადგინა Health აპლიკაციის ახალი ვერსია, სადაც ორგანიზმის მზადყოფნის ინდექსისა და ბიოლოგიური ასაკის გამოთვლის ფუნქციები უკვე დამატებულია. ეს ფუნქციები კი ჯანმრთელობის პარამეტრების უწყვეტ შეგროვებასა და მონიტორინგს საჭიროებს. ეკრანის არარსებობა ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობას საგრძნობლად გაზრდის და მოწყობილობას ძილის დროს ბევრად კომფორტულს გახდის.

არსებული ინფორმაციით, გაჯეტის მართვასა და მონაცემთა ანალიზში მთავარ როლს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Apple Intelligence-ი და ხმოვანი ასისტენტი Siri შეასრულებენ. მომხმარებლებს საკუთარი ფიზიკური მაჩვენებლების შემოწმება და რეკომენდაციების მიღება ხმოვანი ბრძანებებით პირდაპირ შეეძლებათ.

ცნობისთვის, უეკრანო ფიტნეს-მოწყობილობების ბაზარზე კონკურენცია მიმდინარე წელს განსაკუთრებით გამწვავდა. Google-მა, Garmin-მა და Amazfit-მა ბაზარზე საკუთარი უეკრანო მოდელები უკვე გამოუშვეს. თუმცა კი, ინდუსტრიის მთავარ ლიდერად Whoop-ის სამაჯური და Oura-ს ჭკვიანი ბეჭედი რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები