უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად პროექტზე ათწლიანი მუშაობისა, Apple-მა ელექტრომობილების წარმოება გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ელექტრომობილების პროექტზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასზე 2 000-მდე ადამიანი მუშაობდა.
BBC-ს ცნობით, პროექტში დასაქმებული ადამიანები Apple-ის ხელოვნური ინტელექტის დივიზიას შეუერთდებიან.
The Apple Car Team კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ ქუკის პროექტში, “განსაკუთრებული პროექტების გუნდის” სახელით იყო ცნობილი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტის მიმდინარეობისას ჯგუფმა მილიარდობით დოლარი დახარჯა ისეთი ავტომობილის პროტოტიპის შექმნაში, რომელიც სრულად თვითმართვადი იქნებოდა, საჭისა და პედლების გარეშე. მოსალოდნელი იყო, რომ საბოლოო პროდუქტს Apple წლების განმავლობაში ვერ წარადგენდა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება AI ტექნოლოგიებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღო. როგორც Counterpoint-ის უფროსი ანალიტიკოსი, ივან ლამი აღნიშნავს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სმარტფონების გაყიდვები 2024 წელს 100 მილიონს გადააჭარბებს, 2027 წლისთვის კი - 500 მილიონს. სამაგიეროდ, ელექტრომობილებზე მოთხოვნა მცირდება, კონკურენცია კი მაღალია.