მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა ყველაზე ბიუჯეტური ნოუთბუქი - Neo გამოუშვა

Apple March Event

Apple-მა კომპანიის ისტორიაში ყველაზე ხელმისაწვდომი ლეპტოპი - MacBook Neo წარადგინა. საუბარია მოწყობილობაზე, რომლის საწყისი ფასი $599-ია. კომპანიის შეფასებით, ის სპეციალურად სტუდენტებისა და პირველი კომპიუტერის მყიდველებისთვისაა შექმნილი. Apple-ი ამ ნაბიჯით კონკურენციის გაწევას ცდილობს Chromebook-ებსა და საწყისი დონის Windows-ის ლეპტოპებისთვის, რომლებიც საშუალოდ სწორედ ამ საფასო კატეგორიაში არიან წარმოდგენილი.

ახალი მოდელი გამოირჩევა მსუბუქი მეტალის კორპუსით, რომელიც სულ რაღაც 1.2 კილოგრამს იწონის და ოთხ ფერშია ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერი, ვარდისფერი, ციტრუსისფერი და ინდიგო (მუქი ლურჯი).

სრულიად უნიკალური თვისება, რომელსაც ლეპტოპების მიმართულებით ვხვდებით, ისაა, რომ განსხვავებით MacBook Air-ისა და Pro-სგან, რომლებიც M-სერიის პროცესორებს იყენებენ, Neo აღჭურვილია iPhone-ისთვის განკუთვნილი A18 Pro ჩიპით. ეს პირველი შემთხვევაა, როცა Apple-ის მიერ ერთი პროდუქტისთვის შექმნილი ჩიპი მეორისთვის გამოიყენება, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ სწორედ ეს უსვამს ხაზს მათ სიძლიერეს.

iPhone-ების OS სისტემისთვის განკუთვნილ პროცესორზე ტექ-გიგანტმა ლეპტოპებისათვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა, macOS Tahoe დააყენა. აღსანიშნავია, რომ ისიც, მსგავსად ტელეფონისა, Apple-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელს, Apple Inteligence-ს იყენებს და Apple-ის მტკიცებით, საქმეს Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე კონკურენტ ლეპტოპებზე 3-ჯერ უფრო სწრაფად ასრულებს.

მოწყობილობას შეუძლია, ერთი დატენვით 16 საათის განმავლობაში სრული დატვირთვით იმუშაოს, რაც Macbook Air-ის უახლეს მოდელებთან შედარებით 2-საათიანი ჩამორჩენაა, თუმცა Apple-ის შეფასებით, სრულიად აკმაყოფილებს სასწავლო და სამუშაო საჭიროებებს მათთვის, ვინც ხარისხიან პროდუქტს შედარებით ხელშესახებ ფასად ეძებენ.

MacBook Neo-ს 13-ინჩიანი Liquid Retina დისპლეი აქვს, რომლის სიკაშკაშე 500 ნიტს აღწევს, რაც MacBook Air-ის პარამეტრების იდენტურია. ეკრანი 1 მილიარდ ფერსა და 3.6 მილიონ პიქსელს გამოსახავს, რაც გამოსახულებას მაქსიმალურად მკვეთრს ხდის. ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ Writing Tools ტექსტების რედაქტირებისთვის, Genmoji პერსონალური ემოციების შესაქმნელად და Clean Up ფუნქცია ფოტოებიდან არასასურველი ობიექტების მოსაცილებლად. მულტიმედიურ გამოცდილებას აძლიერებს 1080p FaceTime HD კამერა და გვერდითი დინამიკები სივრცითი, იგივე Spatial Audio-ს მხარდაჭერით.

ლეპტოპი აღჭურვილია ორი USB-C პორტით, ყურსასმენების ჯეკითა და Magic Keyboard-ის კლავიატურით. საბაზისო მოდელის შიდა მეხსიერება 256 გეგაბაიტს აღწევს, ხოლო 100 დოლარის დამატების შემთხვევაში მომხმარებელი 512 გეგაბაიტ მეხსიერებასა და Touch ID სენსორს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები