ამერიკული Apple-ი, როგორც ჩანს, საკუთარი წარმოების კომპიუტერების ხაზის სრულ განახლებას გეგმავს, რითაც კომპანიას მოთხოვნის სტიმულირება სურს. როგორც Apple-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, Bloomberg-ის მარკ გარმენი იუწყება, ამერიკულმა კომპანიამ თითქმის დაასრულა მუშაობა ახალი თაობის M4-პროცესორზე, რომლითაც აბსოლუტურად ყველა კომპიუტერის აღჭურვა სურს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის არსებული უახლესი პროცესორით აღჭურვილი კომპიუტერები Apple-მა რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა, ახალი თაობის პროცესორი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული.
ამერიკული გიგანტის მიერ კომპიუტერების ხაზის განახლება მოულოდნელი არ არის, რადგან 2022 წელს დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, Mac-ის გაყიდვებმა 37%-ით იკლო. საპასუხოდ ამისა, როგორც გითხარით, Apple-მა M3-პროცესორი წარმოადგინა, მაგრამ ტექნოლოგია, რომელიც ამ პროდუქტში იყო გამოყენებული, რევოლუციურად არ ჩაითვლება, რის გამოც, მომხმარებლები კომპიუტერების განახლებით დიდად არ დაინტერესებულან, რადგან M2-პროცესორი, ისედაც საკმაოდ მძლავრია.
როგორც ჩანს, ახალი თაობის პროცესორებით აღჭურვილ მოწყობილობებს ამერიკული კომპანია მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში გამოუშვებს. მოსალოდნელია, რომ გამოჩნდება, როგორც ახალი თაობის iMac-ი, ასევე ბიუჯეტური, 14-ინჩიანი MacBook Pro, შედარებით ძვირი 14-ინჩიანი და 16-ინჩიანი MacBook Pro და Mac mini - თითოეული მათგანი, ცხადია, M4-პროცესორით იქნება აღჭურვილი, მაგრამ კომპანია, სავარაუდოდ, აქ არ გაჩერდება და 2025 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პროდუქტს წარადგენს, მათ შორის განახლებულ MacBook Air-ს, Mac Studio-სა და Mac Pro-ს.
ახლა კი, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად პროცესორზე, რომლის ფუნქციონალი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას იქნება მორგებული. როგორც ამ ეტაპზე არის ცნობილი, Apple-ში სამ სხვადასხვა პროცესორს ამუშავებენ, რომელთაც განსხვავებული სიმძლავრე ექნებათ. თუ შედარებით სუსტი პროცესორები Apple-ის საბაზისო ლეპტოპებში გამოჩნდება, ყველაზე მძლავრი მოდელი Apple-ის პერსონალურ კომპიუტერში, Mac Pro-ში გამოჩნდება.
მაშ, რატომ გადაწყვიტა Apple-მა ახალი თაობის პროცესორების დანერგვა? პირდაპირი პასუხი მარტივია და ის პროდუქტების განახლებას უკავშირდება, მაგრამ მეორე, გაცილებით ფუნდამენტური პასუხი - ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ Apple-ს სურს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალის დიდი ნაწილი მოწყობილობაზე გახადოს ხელმისაწვდომი და არა ქლაუდზე, როგორც ამას სხვა კომპანიები აკეთებენ, მოწყობილობები, რომლებიც ამ ფუნქციონალს გაუშვებენ, ძალიან მძლავრი უნდა იყოს. თანაც, ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად, პროცესორი შესაბამისი ბირთვებით უნდა აღიჭურვოს.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სიახლეებს ამერიკული გიგანტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში, WWDC-ზე წარადგენს.