მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple Vs Microsoft: 20-წლიანი ბრძოლა პირველობისთვის

apple

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიო ორი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-სა და Microsoft-ის პირველობისთვის ბრძოლას თვალს ადევნებს - საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე ღირებული კომპანია თუ წლების განმავლობაში Apple იყო, დღეს ეს სტატუსი Microsoft-მა გადაიბარა და მეტიც, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად 3 ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. გასულ კვირას ასევე 3 ტრილიონიან ნიშნულზე იყო Apple-იც, თუმცა აქციების ფასის ვარდნის შედეგად კომპანიის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ 874 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

მართალია, ორ გიგანტს შორის შერკინებას ასეთი მასშტაბი აქამდე არასდროს ჰქონია, თუმცა მათ შორის საბაზრო კაპიტალის დომინირებისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ რის და ყველაფერი სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იღებს.

1990-იან წლების დასაწყისში Microsoft-მა კომპიუტერული გადატრიალება მოახდინა, როდესაც საზოგადოებას Windows NT წარუდგინა. ამას მალე მოჰყვა Windows 95, რის შედეგადაც კომპანია კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის ლიდერად იქცა და იმ დროს ყველაზე ღირებული კომპანია General Electric-ი ჩაანაცვლა.

დაახლოებით ამავე დროს Apple გაკოტრების ზღვარზე იყო. მიზეზი პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე ინტენსიური კონკურენციის, პროდუქტის მაღალი ფასებისა და ინოვაციების ნაკლებობა იყო. ამასთან, კომპანიას არაერთი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, სხვადასხვა ისეთი პროდუქტის მოდერნიზაციის თვალსაზრისით, როგორიცაა "მაკინტოშის" ოპერაციული სისტემა OS, QuickTake ციფრული კამერები, PowerCD, პორტატიული CD, აუდიო პლეიერები, დინამიკები და Pippin ვიდეო თამაშის კონსოლი.

თუმცა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სტივ ჯობსის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებამ კომპანია არა მხოლოდ გაკოტრებას გადაარჩინა, არამედ მისი აქციების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა დაიწყო - ეს ყველაფერი კი ისეთი პროდუქტების წარმატებას უკავშირდება, როგორცაა iMac, iPod და iPhone, ასევე ბრენდის სარეკლამო კამპანიის "Think Different"-ის გაშვება და Apple Store საცალო ქსელის გახსნა.

2004 წელს Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე 26 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, თუმცა ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამოუვარდებოდა მაიკროსოფტის საბაზრო შეფასებას, რომელიც იმ დროს 291 მილიარდი დოლარი იყო. მოცემულობა ათწლეულის ბოლოს შეიცვალა. 2010 წელს Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 297 მილიარდ დოლარს მიაღწია და ამ მაჩვენებლით პირველად გადაუსწრო მის მთავარ კონკურენტს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 234 მილიარდი დოლარი იყო.

2010 წლის შემდეგ 8 წლის განმავლობაში Apple-ი პირველადგილოსანი ტექნოლოგიური გიგანტის ტიტულს მყარად ინარჩუნებდა. 2018 წელს კომპანიის აქციების ფასის შემცირების შედეგად მართვის სადავეები კვლავ Miscrosoft-ის ხელში აღმოჩნდა, თუმცა მცირე ხნით. 2019 წლიდან Apple კვლავ ლიდერის პოზიციას დაუბრუნდა და 2024 წლის იანვრამდე ეს მოცემულობა არ შეცვლილა.

ჩინეთში მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო Apple-ის აქციებმა შემცირება დაიწყო, პარალელურად კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება 67%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია მისი შვილობილი კომპანიის, OpenAI-ს წარმატებასთან, რომელმაც საზოგადოებას 2023 წლის მთავარი ინოვაცია - ChatGPT წარუდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები