მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში 1.5 მილიონი EV გაიყიდა, Range Rover-ის სრულად ელექტრული მოდელი რეკორდულ ინტერესს იწვევს - გასული კვირის ავტო სიახლეები

RANGE ROVER

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

EV-ს გლობალური ბაზარი ზრდას განაგრძობს — აპრილში 1.5 მილიონი ერთეული გაიყიდა

მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიოში 1.5 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში – 5.6 მილიონი. წლიურად ზრდა 29%-ს შეადგენს. 2025 წლის აპრილის ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების ანგარიში კვლევითმა კომპანია Rho Motion-მა გამოაქვეყნა. მონაცემები მიუთითებს, რომ გეოპოლიტიკური რისკებისა და სავაჭრო დაძაბულობის მიუხედავად, ბაზარი კვლავ სტაბილურად იზრდება.
ჩინეთი კვლავ ლიდერია – იანვრიდან აპრილამდე 3.3 მილიონი ერთეული ელექტრიფიცირებული ავტომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 35%-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ მარტთან შედარებით აპრილში გაყიდვები 9%-ით შემცირდა, ბაზარი მაინც დინამიკურად ვითარდება, რაც განპირობებულია მოდელების მრავალფეროვნებითა და ტექნოლოგიების შედარებით დაბალი ფასით ხელმისაწვდომობით.
ევროპის ბაზარი, რომელიც 2024 წელს სტაგნაციას განიცდიდა, წელს 25%-ით გაიზარდა. ამას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩინური ბრენდების – როგორიცაა BYD, ZEEKR, NIO და XPeng – გაძლიერებული ექსპორტი. ჩრდილოეთ ამერიკაში ზრდა შედარებით ზომიერია – მხოლოდ 5%, სადაც წამყვან პოზიციაზე მექსიკაა.

მილიარდიანი ინვესტიცია - ბრიტანეთში, ბატარეების წარმოებისთვის, ახალი ქარხანა შენდება

£1 მილიარდიანი ინვესტიციით, დიდ ბრიტანეთში, ელექტრომობილების ბატარეების წარმოებისთვის, ახალი გიგანტური ქარხანა შენდება. ინვესტორი Nissan-ის პარტნიორი კომპანია AESC-ია. პროექტი ექვსჯერ გაზრდის ქვეყნის ბატარეების წარმოების სიმძლავრეს და წლიურად 100,000 ელექტრომობილისთვის საკმარის რესურსს შექმნის. ქარხანა ასევე შექმნის 1,000 ახალ სამუშაო ადგილს.
12 გიგავატ საათიანი სიმძლავრის ქარხანა 100%-ით ნულოვანი ემისიის ენერგიაზე იმუშავებს, რაც დიდი ბრიტანეთის კლიმატური მიზნებისა და ელექტრომობილების ინდუსტრიაში გლობალური ლიდერობისკენ სვლას აძლიერებს.
პროექტს სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა აქვს მთავრობის მხრიდან – ეროვნული სიმდიდრის ფონდისა და UK Export Finance-ის დახმარებით, მობილიზდა £680 მილიონი ბანკებისგან. მათ შორის არიან HSBC, SMBC Group, Societe Generale და სხვა. დამატებით, AESC უზრუნველყოფს £320 მილიონს, კერძო ინვესტიციებისა და ახალი კაპიტალის სახით, ხოლო Automotive Transformation Fund £150 მილიონიან გრანტს გამოყოფს.
სიახლე თანხვედრაში მოდის ახალ, ბრიტანეთ–ამერიკის სავაჭრო შეთანხმებასთან, რომელიც ბრიტანეთში წარმოებულ 100,000 ავტომობილზე ექსპორტის ტარიფს 27.5%-დან 10%-მდე ამცირებს. შეთანხმება ავტომწარმოებლებს ასობით მილიონი ფუნტის დაზოგვაში დაეხმარება და შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს.

Range Rover-ის სრულად ელექტრული მოდელი რეკორდულ ინტერესს იწვევს

Range Rover-ის პირველი სრულად ელექტრო SUV სულ მალე გამოჩნდება და მის მიმართ ინტერესი რეკორდულია: უკვე 61,000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა წინასწარ შეკვეთაზე. მოლოდინის სია სწრაფად იზრდება: ნოემბერში რიგში 48,000 ადამიანი იდგა, იანვარში – 57,000, ხოლო მაისის მონაცემებით, ეს რიცხვი უკვე 61,000-ს აჭარბებს. Range Rover Electric-ს ამჟამად აქტიური ტესტირება უტარდება შვედეთის ყინულოვან ტბებსა და ტუნდრაში, რათა შენარჩუნებული იყოს ბრენდისთვის დამახასიათებელი მაღალი გამავლობის ხარისხი. კომპანიის განცხადებით, ეს არის "ყველაზე ინტენსიური ტესტირება, რაც კი Range Rover-ს ოდესმე გაუვლია" — ელექტრო SUV-ს უკვე 45,000 მილი აქვს გავლილი უკიდურესად რთულ პირობებში.
Range Rover Electric იქნება პირველი მოდელი, რომელიც აღიჭურვება Jaguar Land Rover-ის მიერ შექმნილი 800 ვოლტიანი ბატარეით და ელექტროძრავით. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო გარბენი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ცნობილია, რომ მას 117 კილოვატ-საათი მოცულობის ბატარეა ექნება.
2026 წლისთვის კომპანია ასევე გეგმავს Range Rover Sport-ისა და Velar-ის ელექტრო ვერსიების გამოშვებას. ამასთანავე, JLR ადასტურებს, რომ ჩინურ ავტომწარმოებელ Chery Auto-სთან თანამშრომლობით ახალი ელექტრომობილი Freelander-ის სახელით გამოვა.

HONDA-ს საოპერაციო მოგება 76%-ით შემცირდა

იაპონური ავტომწარმოებელი გიგანტი Honda არასახარბიელო ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს - როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, წინა კვარტალში კომპანიის საოპერაციო მოგება 76%-ით შემცირდა და მან $473 მილიონი შეადგინა, რაც მკვეთრად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. საერთო ჯამში, გასული წელი Honda-მ $5.7 მილიარდის წმინდა მოგებით დახურა, რაც 24.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორც კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, მოგების მარჟის მკვეთრი კლება ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ განაპირობა, რის გამოც Honda-ს გასაყიდ ავტომობილებზე ფასების შემცირება უწევს.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მთავრობამ ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი სატარიფო რეჟიმი აამოქმედა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს Honda-ს მოგება იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე წინა წლებში. ამ მოცემულობის ფონზე, იაპონური კომპანია შემოსავლების პროგნოზს აუქმებს და აცხადებს, რომ 2025 წლის ფინანსური შედეგები არა უშუალოდ კომპანიის საქმიანობაზე არამედ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

კრიზისში მყოფმა NISSAN-მა 20,000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

მწვავე ფინანსურ კრიზისში მყოფმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია, Nissan-მა მსოფლიოს მასშტაბით 20,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა.
სამუშაო ძალის 15%-ით შემცირება კომპანიას ფინანსური შედეგების გამო მოუწია რომელსაც რთულია სახარბიელო ვუწოდოთ. უფრო მეტიც, თუკი უახლოეს მომავალში Nissan-ის ფინანსური პარამეტრები არ გამოსწორდება ან კომპანია ინვესტორებისგან დამატებითი კაპიტალის მოზიდვას ვერ შეძლებს, მაშინ დაახლოებით ერთ წელიწადში იაპონურ კომპანიას გაკოტრების გამოცხადება მოუწევს.
კომპანიის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია Nissan-ის და Honda-ს $60-მილიარდიანი გარიგების ჩაშლასთან, რომელიც იაპონური კომპანიების გაერთიანებას და ფინანსური კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად.
90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების დრამატულ შემცირებას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს. მოგეხსენებათ, Nissan-ის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოდის, ამ მიმართულებით კი კონკურენტების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება, რაც Nissan-ის ბაზრის წილს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები