საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვების მოცულობა მარტთან შედარებით 37 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.81 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ზრდის მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სავალუტო რეზერვები 325 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
წინა წელთან შედარებით სავალუტო რეზერვების შემცირება სავარაუდოდ საგარეო ვალების მომსახურებით არის განპირობებული, რადგანაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები სწორედ ის ყულაბაა, საიდანაც სახელმწიფო საგარეო ვალების დაფარვა ხდება. ეროვნული ბანკი რეზერვების შესყიდვითაც არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი დოლარი იყიდა სებ-მა აპრილში, თუმცა მარტში მისი შესყიდვები 128 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის 4.81 მილიარდიან რეზერვებს შორის 529 მილიონი დოლარი ოქროზე მოდის, რომლის შესყიდვაც სებ-მა მარტში დაიწყო და აპრილის პირველ კვირაში დაასრულა. მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა.
უფრო ვრცლად სებ-ის მიერ ოქროს შესყიდვაზე წაიკითხეთ.