გასული თვის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 10.8 მილიონი ლარით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, მთლიანად ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მოცულობა 492.6 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტია.
ვადაგადაცილებული პორტფელის 34.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
სებ-ის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 776.2 მლნ ლარით შემცირდა და 33.72 მლრდ ლარს გაუტოლდა.
“საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების კლებამ, რაც გარკვეულწილად გაცვლითი კურსის ეფექტს უკავშირდება. საკრედიტო პორტფელის 89.0 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.8 პროცენტს შეადგენდა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპრილში სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 0.4 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 6.9 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.4 პროცენტული პუნქტით 15.7 პროცენტამდე შემცირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 12.1 პროცენტი შეადგინა.
უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.9 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 1.3 პროცენტული პუნქტით 6.1 პროცენტამდე მოიმატა. წინა წლის აპრილთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.