ტექანტერპრენიორი, დაჩი ჭოლაძე BM.GE-სთან სტარტაპ ეკოსისტემისა და მის ტენდენციების შესახებ საუბრობს, რაზედაც აღნიშნავს, რომ არასოდეს ყოფილა ტექნოლოგიური საფუძვლის მქონე კომპანიის შექმნა ისეთი ადვილი, როგორც ეს ახლაა შესაძლებელი.
მისი შეფასებით, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად სექტორში ახალი გამოწვევებიც გაჩნდა, რომელიც ღირებული პროდუქციის გამორჩევას ართულებს.
„აქამდე არასოდეს ყოფილა ისეთი ადვილი რაღაც კომპანიის დაწყება, რომელიც ტექნოლოგიის შექმნას ეფუძნება, როგორც ახლაა შესაძლებელი. ბევრი რამ უკვე მიღწევადია არც თუ ისე დიდი დანახარჯებით, დეველოპმენტისა და ტექნოლოგიურ კვლევაში.
ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ალბათ რაღაც ახალი გამოწვევებიც შეიქმნა გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა ტექნოლოგია, რამაც ძალიან დიდი ხმაური შექმნა. ხმაურში კი რთული გახდა გამოარჩიო, რომელი კომპანიები ქმნიან მართლა ღირებულს და რომელი არის ტალღას მოყოლილი. ეს გამოწვევები ერთის მხრივ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მოჰყვება წინსვლას თავისი თანამდევი საკითხებიც.
ქართული კომპანიებისთვის გამოწვევად რჩება გლობალურ პრობლემებზე წვდომა. ანუ, ჩვენ მაინც ჩვენი გარემოთი ვცხოვრობთ და ამ პრობლემებისკენაა ჩვენი იდეებიც მიმართული. რაც თავის მხრივ აგვარიდებს ამ პრობლემას, თუმცა კომპანიისთვის მასშტაბი არც ისეთი დიდი იქნება. ვინაიდან, რომ ჩვენ არ ვართ დიდი მასშტაბის ქვეყანა, შესაბამისად ამ პრობლემების მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის გადაჭრა არ გვიწევს. ბაზრის სიმცირე კი, გავლენას ახდენს კომპანიის მასშტაბირების შესაძლებლობაზე. ამიტომ, ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ კომპანიები, რომლებიც დიდ ღირებულებებს აღწევენ, საბოლოო ჯამში მათი პროდუქტი და გადაწყვეტილება დიდი ბაზრებისკენ მიემართება“,- განმარტა ტექანტერპრენიორმა.