აქტივების მართვის წამყვანმა ამერიკულმა კომპანია Nuveen-მა 222-წლიანი ისტორიის მქონე ბრიტანული კონკურენტი კომპანია Schroders-ი $13.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
არსებული ინფორმაციით, ამ გაერთიანებით Nuveen-ის კონტროლქვეშ $2.5 ტრილიონის აქტივები გადავა. აქამდე ცალკეულად Nuveen-ი $1.4 ტრილიონის, Schroders-ი კი $1.1 ტრილიონის ქონებას განკარგავდნენ.
როგორც ირკვევა, ბრიტანული კომპანიის ინვესტორები თითო აქციის სანაცვლოდ $8.34 დოლარს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ Nuveen-ი ბრიტანული კომპანიის მეწილეებს თითო აქციისთვის იმაზე 34%-ით მეტს უხდის, ვიდრე ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლოს იყო შეფასებული, რაც მიუთითებს, რომ ამერიკული კომპანია რეალურად იყო დაინტერესებული უძველესი ბრიტანული კონკურენტის შესყიდვით.
რაც შეეხება Schroders-ის დამფუძნებელ ოჯახს, ბიზნესმენის შთამომავლები საკუთარ 41%-იან წილს სრულად გაყიდიან. Nuveen-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბრენდი Schroders-ი ამერიკული კომპანიის საკუთრებაში დარჩება, სამსახურს არ დაკარგავს ლონდონის სათავო ოფისში მომუშავე 3,000-ზე მეტი თანამშრომელი, აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ოლდფილდი კი საქმიანობას ბრენდის ხელმძღვანელად გააგრძელებს.
Nuveen-ის მიერ აქტივების მართვის უძველესი კომპანიის შესყიდვის მიზანი საკუთარი პორტფელის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონკურენციის ისეთი საერთაშორისო გიგანტებისთვის გაწევაა, როგორიც BlackRock-ია. მართალია, ამ უკანასკნელის საკუთრებაში გაცილებით დიდი მოცულობის აქტივებია თავმოყრილი, თუმცა, როგორც Nuveen-ში აცხადებენ, თანამედროვე გამოწვევები ბაზარზე მცირე ზომის აქტივების მმართველი კომპანიებისთვის ადგილს აღარ ტოვებს. შესაბამისად, არჩევანი გაფართოებასა და გაქრობას შორისაა. ამერიკულმა კომპანიამ კი არჩევანი სწორედ გაფართოებაზე შეაჩერა. ამჟამად ეს კორპორაციული გარიგება მარეგულირებლების შემოწმების ეტაპზეა. თუ ე.წ. მერჯერს ინვესტორებიც დაადასტურებენ, გაერთიანების პროცესი ოფიციალურად 2026 წლის ბოლოს დასრულდება.




























