მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც ყურადღება სჭირდება“|მინისტრი განვითარების ბანკის პრიორიტეტებზე

მარიამ ქვრივიშვილი

"სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დიდ მასშტაბს შეიძენს და ის გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „რუსთავი 2“-ზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის მთავრობა "ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნებას გეგმავს

მისივე თქმით, საქართველოს განვითარების ფონდის [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] ლიკვიდაციის გადაწყვეტილება სახელმწიფომ ოპტიმიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მიიღო და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე გამსხვილებულ ახალ საჯარო უწყებას შეერწყმება.

„ჩვენ მზად ვართ, სწორად ვუპასუხოთ ეკონომიკის ყველა დარგის გამოწვევას და ასევე ამ დარგებში ოპერირებადი მცირე და საშუალო, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებს. „აწარმოე საქართველოში“ თავისი შინაარსით ძალიან დიდ მასშტაბს შეიძენს და რეალურად გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რა იქნება საქართველოს განვითარების ბანკის პრიორიტეტი, მარიამ ქვრივიშვილს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ მისი ინფორმაციით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა, აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა.

„აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი წარმოებას, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება, ხელი შევუწყოთ კონკრეტული სექტორების განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის - ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები გვაქვს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს, რომლებსაც ეს გამოწვევები აქვთ, სახელმწიფო გვერდში დაუდგეს - იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ახალი უწყების შექმნის ვადებს, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციითვე, უკვე მზად არის აღნიშნული რეფორმის დადგენილება და სულ რამდენიმე დღეში მოხდება პროცესის საჯაროდ და ფორმალურად დაძვრა.

ასევე, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გეგმა-გრაფიკის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა საკმაოდ მოცულობითი იქნება და შესაბამისად, გარკვეული დრო დაჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები