მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქციათა ფასი [დასავლურ ბაზრებზე] ჯამურად მზარდია“ – ირაკლი ელაშვილი

ალფა კაპიტალ ედვაიზორი

აქციები ერთ–ერთი ყველაზე ვოლატილური ფასიანი ქაღალდია და ამიტომ უწოდებენ მას რისკიან ინვესტიციას – ალფა კაპიტალ ედვაიზორის მმართველი პარტნიორი ირაკლი ელაშვილი „ანალიტიკა“–სთან დეტალურად განმარტავს, რა არის ძირითადი განსხვავება საპენსიო საინვესტიციო პორტფელებს შორის – აქციათა წილი ამ პორტფელებში.

„აქციები მოკლე ვადაში ყველაზე სარისკო ინვესტიციაა იმიტომ, რომ მოკლე ვადაში შეიძლება აქციის ფასი გაიზარდოს ან დაეცეს. შეიძლება რაღაც შოკი მოხდეს, კრიზისიც, აქციების ფასი დაეცეს – ეს მუდმივად ხდება, მაგრამ გრძელ ვადაში, ევროპის და ამერიკის განვითარებულ ბაზრებზე აქციების ფასის დინამიკას რომ დააკვირდეთ, დარწმუნდებით, რომ აქციათა ფასი ჯამურად იზრდება“, – ამბობს ირაკლი ელაშვილი.

კაპიტალის ბაზრის პროფესიონალის ანალიზით, ამერიკის ბაზარზე დაკვირვება ნათელს ხდის, რომ გრძელ ვადაში აქციათა პორტფელი მზარდია და ეს საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ – 40 წლამდე ნაკლები ასაკის მოსახლეობისთვის ამ პორტფელში ინვესტირება გრძელ ვადაში დადებით ეფექტს მოიტანს. შესაბამისად, ირაკლი ელაშვილს მიაჩნია, რომ თუ პორტფელების დივერსიფიკაციის გადავადება 2028 წლამდე საბოლოოდ გადაწყდება, ვინმემ აუცილებლად უნდა დათვალოს – რამდენი ათეულობით და მილიონობით ლარი შეიძლება დაუჯდეს მომხმარებელს მსგავსი გადავადების გადაწყვეტილება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ამონაგები შეიძლება არ განხორციელდეს იმ გადაწყვეტილებით, რომ მხოლოდ დაბალრისკიანი პორტფელი დარჩეს“ – ამბობს ირაკლი ელაშვილი „ანალიტიკა“–სთან.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, თუ 7 სექტემბრამდე საპენსიო სქემის მონაწილეები არჩევანს თავად არ გააკეთებენ, 2028 წლამდე მათი დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში ინვესტირდება და ბენეფიციარს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლება, დანაზოგი საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადაიტანოს.რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და თავისი საპენსიო აქტივი შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადაიტანა, მათთვის არაფერი შეიცვლება ანუ დანაზოგები არჩეულ პორტფელებში შეუნარჩუნდებათ. კიდევ ერთი საკითხი - ვინაიდან „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ ცვლილებები ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია, ძალაშია მოქმედი კანონი, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეები, რომელთა ასაკი საპენსიო სქემაში გაწევრებისთვის იყო 40 წლამდე და არ გააკეთებენ არჩევანს 6 სექტემბრის ჩათვლით, დარჩებიან მაღალრისკიან პორტფელში, მაგრამ როგორც კი კანონში ცვლილებებს სამივე მოსმენით მიიღებს პარლამენტი, მოქალაქეების დანაზოგი დაბალრისკიან ანუ კონსერვატიულ პორტფელში დაბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები