კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანება და ერთი მმართველობითი ორგანოს შექმნა სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორც გულედანმა BMG-ის საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, რეფორმის ამოქმედებისას ორი დამოუკიდებელი საბჭოს შექმნა ნაჩქარევად მოხდა, რამაც პრაქტიკაში არაერთი პრობლემა გამოიწვია.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა ზედამხედველობის ნაწილში მდგომარეობს, როდესაც დღევანდელი მოდელით, ეროვნული ბანკის რეგულირება მხოლოდ საინვესტიციო საბჭოზე ვრცელდება.
“ძალიან დროული იყო ამ ცვლილებების ინიიცირება, პრაქტიკაში უფრო ხილვადი გახდა ის ჩავარდნები და პრობლემები, რომლებიც არსებულ კანონმდებლობას ახლავს თან. ეს ცვლილებების პაკეტი ემსახურება ამ ხარვეზების აღმოფხვრას და მმართველობითი პროცესების გამართვას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ეს კანონი ითვალისწინებს ამ ორი საბჭოს, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანებაა. მიმაჩნია, რომ თავის დროზე ამ ორი ორგანოს ცალ-ცალკე ჩამოყალიბება პრობლემური იყო, რადგან არაერთი გამოწვევა იქმნებოდა, მაგალითად, რისკის მართვის და კონტროლის კუთხით. ასევე რეგულირების და ზედამხედველობის ნაწილში პრობლემები იყო, რადგან დღემდე ეროვნული ბანკი მხოლოდ საინვესტიციო მიმართულებას არეგულირებს. ვფიქრობ, ამ ორი საბჭოს გაერთიანება და ერთი მარეგულირებლის ქვეშ მოქცევა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მარინა გულედანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, დღეს საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად, ერთი მმართველობითი ორგანო - მმართველობითი საბჭო შეიქმნება. აღნიშნული საბჭო პასუხისმგებელი იქნება როგორც მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის პირდაპირი დაფინანსება. ამჟამად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან თანხის ჩადება შესაძლებელია მხოლოდ ფინანსურ აქტივებში, ეს არის სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციები, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები და კორპორაციული აქციები.