სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ორი განაცხადი გამარტივებული შესყიდვების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 116,900 ლარია, რაც რიგით მეცამეტე შესყიდვაა ამ მიმართულებით. მათგან 81,000 ლარის შესყიდვა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში ადგილზე მყოფ შსს-ს თანამშრომელთათვის საკვების შესყიდვაზე დაიხარჯება, ხოლო 35,900 ლარი - თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციების დაშლაში მონაწილე შსს-ს თანამშრომელთა კვებაზე.
მთლიანობაში, სპეცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლების გამოკვებისთვის გამოცხადებული 13 შესყიდვის საერთო ღირებულება 1,271,279 ლარს შეადგენს.
შესყიდვების განმარტებითი ბარათების მიხედვით, უწყება ლანჩ ბოქსებს ყიდულობს, რომლებიც აქციაზე მობილიზებულ სპეცრაზმსა და პოლიციელებს გადაეცემათ.
"როგორც თქვენთვის ცნობილია ქ. თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის (თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა) აუცილებლობას წარმოადგენს განხორციელდეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება,"- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის აღწერაში.