მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოსგან 2024 წლის აქციების დროს პოლიციის სავარაუდო ძალადობის ეფექტიან გამოძიებას ითხოვს - წერილი

აქცია

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს პროკურატურისგან, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ეფექტიან გამოძიებას ითხოვს.

10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში მაიკლ ო’ფლაერტიმ, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეშფოთება გამოუცხადა 2024 წლის ბოლოს აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცველთა მხრიდან ძალის სავარაუდო არაპროპორციული გამოყენების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებაში ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო.

კომისარი ეჭვქვეშ აყენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და შემდგომში პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტიანობას. მისი თქმით, მაშინ, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა აქტიურად მიმდინარეობს და გამამტყუნებელი განაჩენები დგება, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია.

ო’ფლაერტი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს იშველიებს, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალ ფაქტს, მათ შორის წამებასა და ქალი დემონსტრანტების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარას ადასტურებს.

ევროპის საბჭოს კომისარი ხაზს უსვამს, რომ სრულყოფილად უნდა იქნეს გამოძიებული წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენების საკითხი. მისი განცხადებით, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს ძალის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ, განსაკუთრებით იმ ოფიციალური დადასტურების ფონზე, რომ აქციის დაშლისას წყლის ჭავლს ქიმიურ ნივთიერებებს ურევდნენ.

საქართველოს საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ო’ფლაერტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მყისიერი, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება. ის დემონსტრანტების უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე პასუხისმგებლობის დაკისრებას და გატარებული ზომების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

ევროპის საბჭო კომისრის წერილზე ქართული მხარის პასუხსაც ასაჯაროებს. 8-გვერდიან წერილში საუბარია გამოძიების მიმდინარეობაზე და აღნიშნულია, რომ "პოლიცია მოქმედებდა კანონის დაცვით, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებზე საპასუხოდ".

"საქართველოში მიმდინარე აქციების დროს, პოლიციამ, კანონის შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ძალადობრივი ჯგუფებისგან არაერთხელ გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია ძალადობრივი ჯგუფებისგან გაიწმინდა, პოლიციის დანაყოფებმა პარლამენტის პერიმეტრზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარედ გადაინაცვლეს.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ წინ პოლიციის მიმართ აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს განაგრძობდნენ, რაც სხვადასხვა საგნისა და პიროტექნიკის სროლაში გამოიხატებოდა.

გარდა ამისა, ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირი სკამებით, ნაგვის ურნებით, ე.წ. სკუტერებითა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ინვენტარით ხელოვნურად ჩახერგეს, რის შემდეგაც აღნიშნულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, ფოტო და ვიდეომასალით.

პოლიცია მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციის, "პოლიციის შესახებ" კანონისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული "შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის" ფარგლებში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო პრინციპებთან.

პოლიციის ქმედებები სრულ თანხვედრაში იყო კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებთან, ხოლო მათ მიერ გატარებული ზომები - პროპორციული", - ვკითხულობთ ხელისუფლების წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები