სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ორი განაცხადი გამარტივებული შესყიდვების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 227,300 ლარია, რაც თანხმობის შემთხვევაში რიგით მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე გამარტივებული შესყიდვა იქნება რაც საპროტესტო აქციების პერიოდში ადგილზე მყოფი შსს-ს თანამშრომლებისთვის საკვების შესყიდვაზე დაიხარჯება.
მთლიანობაში, სპეცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლების გამოკვებისთვის გამოცხადებული 17 გამარტივებული შესყიდვის საერთო ღირებულება 1,570,429 ლარს შეადგენს.
შესყიდვების განმარტებითი ბარათების მიხედვით, უწყება ლანჩ ბოქსებს ყიდულობს, რომლებიც აქციაზე მობილიზებულ სპეცრაზმსა და პოლიციელებს გადაეცემათ.
"როგორც თქვენთვის ცნობილია ქ. თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის (თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა) აუცილებლობას წარმოადგენს განხორციელდეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება,"- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის აღწერაში.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად გამარტივებული შესყიდვები ძირითადად გაფორმდა შპს "სთარ ფუდთან" და "თი ენ ენ ჯგუფთან".