მოქალაქე ანი ახმეტელი სოციალურ ქსელში წერს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში დაიბარეს.
საქმე ისაა, რომ 12 დეკემბრიდან ამოქმედებული შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზეც გავრცელდა. კანონი პირველი შემთხვევისას აწესებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე. გარდა ამისა, განმეორებითი შეუსრულებლობა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
როგორც მოქალაქე აღნიშნავს, ეს პირველი პრეცედენტია, ამიტომ არ იცის, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს. მისი სასამართლო პროცესი 25 დეკემბერს არის ჩანიშნული.
"დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა. დღეს დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას, 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომით შემიქმნია დაბრკოლება/შეფერხება ხალხისთვის, რითაც დაირღვა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნები. ეს არის პირველი პრეცედენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა, არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული. მოკლედ, 25 დეკემბერს 11:00 საათზე ჩამინიშნეს პროცესი მოსამართლე ზვიად ცეკვავასთან, 41-ე დარბაზში (რა სიმბოლურია). ბრძოლა გრძელდება, ამ უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ",- წერს მოქალაქე ანი ახმეტელი.




























