მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხვალ არ ჩანიშნონ "რუსული კანონის" II პლენარული მოსმენა

აქცია

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ ჩანიშნონ ხვალ პლენარული მოსმენა კანონპროექტის მეორე მოსმენით გასატანად. როგორც რატი ამაღლობელმა განაცხადა, თუ ეს ასე მაინც მოხდება, მაშინ აქტივისტები მოქალაქეებს კონკრეტულ ლოკაციებზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.

“კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული მოსმენა, მაგრამ თუ პარლამენტი ხვალ მოულოდნელად ჩანიშნავს რუსული კანონის მეორე პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას. ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს მოვუწოდებთ შეკრებისკენ, რათა წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას“, – განაცხადა ამაღლობელმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვალ "რუსული კანონის" საკომიტეტო მოსმენას გააპროტესტებენ, მაგრამ არ გადაიკვეთებიან "ოცნების" მიერ დაგეგმილ კონტრაქციის მონაწილეებთან. "არ ვაპირებთ გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან", - განაცხადეს მათ.

აღსანიშნია, რომ “რუსული კანონის” მოსმენა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ხვალ დილის 9:00 საათზეა ჩანიშნული. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ხვალვე იგეგმება თუ არა მისი პლენალურ სესიაზე გატანა, ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები