აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია", - წერია განცხადებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გადამეტებას ეხება.
ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები.
პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.