მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქუალიას“ სახით მსხვილი ინვესტორის შემოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - სონღულაშვილი

61fc2b1c4b473
BM.GE
03.02.22 23:16
566
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი უმსხვილესი ესპანური კომპანია „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილას შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური. 

როგორც პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, სონღულაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში „აქუალიას“ სახით მსხვილი ინვესტორის შემოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც სექტორში, ასევე მთლიანად ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

მისი თქმით, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს ესპანურ კომპანიასთან.

„აქუალიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ფელიქს პარა მედიავილას განცხადებით, საქართველო სანდო და სტაბილური პარტნიორი ქვეყანაა და „აქუალიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მაგალითი იქნება სხვა ესპანური კომპანიებისთვისაც.

ცნობისთვის, ესპანური კომპანია „აქუალია“ (Aqualia), ლიდერია ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტსა და სერვისში. ამავდროულად, "აქუალია" მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში რიგით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანიაა. ის ამჟამად 17 ქვეყანაში 30 მლნ ადამიანს ემსახურება. ქვეყნებს შორისაა: ალჟირი, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, საუდის არაბეთი, ესპანეთი, მექსიკა, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყატარი, ომანი, ეკვადორი, ეგვიპტე და რუმინეთი. 2020 წლის მონაცემებით, "აქუალიას" შემოსავალი 1,188 მლნ ევროს შეადგენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები