დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმის Quadro Capital Partners-ის დამფუძნებელს გიდრიუს პუკასს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბის მნიშვნელობა, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ძირითადი ყურადღება საპორტო და ლოგისტიკის სექტორებზე გამახვილდა.
"დავით სონღულაშვილმა სტუმრებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის საზღვაო პორტზე, ახლად დაგეგმილ საერთაშორისო აეროპორტის კვანძსა და ჩქაროსნულ გზატკეცილზე, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს დააკავშირებს. საუბარი ასევე შეეხო ფოთის პორტს და საქართველოს სარკინიგზო სისტემას. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები,"- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Quadro Capital Partners-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანია როგორც საინვესტიციო, ასევე საკონსულტაციო პროექტებზე ფოკუსირდება, რომლებიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის რეგიონს მოიცავს. კომპანიის ოფისები აქვს დუბაისა და ლოს-ანჯელესში. გიდრიუს პუკასი კომპანიას ბოლო 14 წელია ხელმძღვანელობს, მანამდე ის ალფა კაპიტალ პარტნერსში, ასევე ტროიკა კაპიტალში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს.