მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვა გეო: "ჩვენ არ გავაძვირებთ პროდუქციას და არ შევუწყობთ ხელს ინფლაციას"

5e7240b397004
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 20:00
1574
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „აქვა გეოს“ გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აცხადებს, რომ მათ პროდუქტზე ფასი არ გაიზრდება.

როგორც გიორგი ჯირკვალიძე წერს, ისინი აჩერებენ კონკურენციასა და კომპანიის კომერციულ ინტერესებს და ქვეყნის სამსახურში დგებიან.

„დედამიწაზე სრულიად ახალი დღის წესრიგი გვაქვს და ეს გამოწვევაა დღეს ყველასთვის. გამოწვევა, სადაც პირადი წყენა, გრძნობები, პირადი თუ კომერციული ინტერესები, კონკურენცია, შეჯიბრი და ყველაფერი აქამდე ნაცნობი ემოცია უკანა პლანზე გადადის და ვერთიანდებით.

ვაჩერებთ კონკურენციას, ვაჩერებთ კომერციულ ინტერესებზე გათვლილ და დაგეგმილ ყველა ღონისძიებას, ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცის მუნდირს ვირგებთ და გავდივართ მსოფლიოს, ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

1. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ყველაზე მოთხოვნად პირველადი საჭიროების პროდუქტს და მინიმალური რაოდენობის პერსონალით საწარმოს ფუნქციონირება არ გაჩერდება.

2. დღეისათვის გორის ჰოსპიტალს, ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს ვაწვდით წყალს უსასყიდლოდ. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას გვერდში დავუდგეთ საჭიროების შემთხვევაში სხვა ობიექტებსა და მოხუცებულთა სახლებს, სადაც მოხალისეების მეშვეობით მივაწოდებთ წყლის მარაგს.

3. ჩვენ არ გავაძვირებთ პროდუქციას და არ შევუწყობთ ხელს ინფლაციის შეუქცევად პროცესს.
ჩვენ არ ვართ მარტონი.

350 გულანთებული, სამშობლოზე და ადამიანებზე შეყვარებული ადამიანი ვართ კომპანიაში. ჩვენს გვერდით ჩვენი ოჯახებია, ჩვენი მეგობრები და მრავალი ჩვენნაირი კომპანია.

ვიცი, რომ უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება, ჩვენც შევუერთდებით უამრავ ადამიანს და როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობდა - „მერე ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით და არასოდეს აღარ დავიხოცებით, აღარ დავილევით და აღარ გავთავდებით. ძალა ერთობაშია !!!“, - წერს გიორგი ჯირკვალიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები