მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ არის ამოწურული რისკი, რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ, ყველა ინფორმაციას გავუგზავნით - კობახიძე ყულევის შესაძლო სანქიცირებაზე

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო დასანქცირების საკითხი „ჩავარდნისთვის იყო განწირული“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ ევროკავშირს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერმინალში სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა.

აღნიშნული განცხადებით კობახიძე გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კომენტარს, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის ტერმინალის წინააღმდეგ საკანონმდებლო წინადადება და მტკიცებულებები მართლაც არსებობდა.

„თქვენ გქონდათ იმედი, ერთადერთი იმედი გაქვთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაზარალდება. ყულევი უნდა დასანქცირდეს, ტელეკომპანიები უნდა დასანქცირდეს, სამეწარმეო სუბიექტები უნდა დასანქცირდეს. ამას აკეთებდით 2012 წლამდე. თქვენ იმედი გქონდათ, რომ გუშინ დასანქცირდებოდა ყულევი, გუშინ იქ ყულევი არ დასანქცირდა. აქაც იმედები გაგიცრუვდათ. ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. საბოლოდ პროექტის რევიზიამდეც კი არ მივიდა საქმე. პროექტისთვის აღარ გადაუხედავთ. იმთავითვე პროექტი იყო განწირული ჩავარდნისთვის. მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა. რა თქმა უნდა, არ არის ამოწურული რისკი, რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ, ყველა ინფორმაციას გავუგზავნით.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასანქციო რეჟიმის დაცვაზე, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი იმედიც არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ქვეყანას რაღაც დაუშავდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფერი დაუშავდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის „ეროვნული ინტერესების დასაცავად“.

მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განმარტა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის საკითხი მართლაც იდგა. ელჩის თქმით, წარმოდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებებიც, თუმცა პაკეტის მიღება გუშინ უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ მოხერხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები