საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საპენსიო კანონზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენოს, ვინაიდან ის ცვლილებები, რომელიც მთავრობას შეაქვს კანონში, რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პოლიტიკური და კორუფციული შინაარსის არის.
რა ხდება საპენსიო კანონთან დაკავშირებით? ის, რომ დანაზოგები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მეტ-ნაკლებად მშვიდ სიბერეს უნდა მოხმარდეს, უნდათ, რომ უფრო მეტი ოდენობით განათავსონ რისკიან პროექტებში. რაციონალური ახსნა ისაა, რომ ასეთ აქტივებში ჩადებულ ფულს მეტი შემოსავალი მოაქვს. სინამდვილეში არსებით მნიშვნელობა არა აქვს რომელიმე სახიფათო განთავსებიდან ერთი ან ორი პროცენტით მეტ შემოსავალს მიიღებს თუ არა ფონდი.
რატომ მოუნდა მთავრობას მაინცდამაინც ამის გაკეთება ახლა? იმიტომ, რომ ასეთ განთავსებას პოლიტიკური ეფექტი ჰქონდეს, მაგალითად, წამოიწყოს რომელიმე ჰესის ან ანაკლიის მშენებლობა მომავალი პენსიონერების ფულით. მეორე მიზანი არის პირადული - ასეულ მილიონობით ლარი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ კომპანიებში განათავსონ.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საპენსიო ფონდი გადააქციონ ჯიბის ორგანიზაციად. ამიტომ მთლიანად დაუქვემდებარეს იგი პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის დაქვემდებარებიდან გამოიყვანეს (გააუქმეს) საინვესტიციო საბჭო, რომელიც მხოლოდ უცხოელებით არის დღეისათვის დაკომპლექტებული.
და ბოლოს, საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული ხარჯები წარმოუდგენელი ოდენობით იზრდება, იგი მთელი ფონდის მოცულობის 0,75 პროცენტი შეიძლება იყოს ანუ თუ ფონდში აკუმულირდა 10 მილიარდი ლარი, აქედან 75 მილიონი ლარი შეიძლება დაიხარჯოს მმართველობაზე.
აღნიშნულ ცვლილებები არის როგორც პოლიტიკური, ასევე კორუფციული შინაარსის.