ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ფრაქცია "ევროოპტიმისტების" წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ სტატუსი რაიმე დათქმებით არ მოუციათ და ევროკომისიის მხრიდან გაჟღერებული 9 პირობა საქართველომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად უნდა შეასრულოს.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ სტატუსის მიღება ბევრი სიკეთის მიღებას და ევროკავშირის მრავალმილიარდიან ფონდებზე წვდომას ნიშნავს.
„ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გვესმის სტატუსთან დაკავშირებით.
სტატუსის საკითხი მორჩა ( დეკემბერში გაფორმდება). სტატუსი არ მოუციათ რაიმე დათქმით. მომავალში შესასრულებელი ცხრა რეკომენდაცია არ ნიშნავს სტატუსის საბოლოოდ დადასტურებას ან მის გაუქმებას. სტატუსის ჩამორთმევის არც სამართლებრივი მექანიზმი და არც ისტორიული პრეცედენტი არსებობს. რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს წარმოუდგენლად სწრაფად ( როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მოხდა) ახალ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას. რეკომენდაციების შეუსრულებლობა ნიშნავს სტატუსიან ქვეყნად ყოფნას, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდამდე არ მიშვებას მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიამ სტატუსი მიიღო 2005 წელს, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პროცესი დაიწყო 2020 წელს. მოლაპარაკების დაწყებიდან ევროკავშირის წევრობამდე ასევე არის მრავალი წელიწადი გასავლელი, რათა მოხდეს კანდიდატი ქვეყნის საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის ჰარმონიზაცია ევროკავშირის წესებთან.
სტატუსი თავისთავად გვაძლევს ბევრ სიკეთეს, მათ შორის ფულს ( წვდომას ევროკავშირის იმ მრავალმილიარდიან ფონდებთან, რომლებიც განკუთვნილია კანდიდატი ქვეყნებისათვის). ამისთვის საჭიროა სულ მცირე, ანტიდისავლური თავდასხმების შეწყვეტა ხელისუფლების მხრიდან და იმის ჩვენება, რომ მზად არიან ახალი ( სადაც უმეტესობა ძველია) რეკომენდაციების შესასრულებლად. თავდაპირველად კონფრონტაციის შერბილებამაც შეიძლება გახადოს ევროკავშირის ფინანსურ ფონდებთან შეზღუდული წვდომის შესაძლებლობა.
თუ დავაკვირდებით ყოფილი კანდიდატი ქვეყნებისადმი დახმარების პროცესს, მივხვდებით, თუ როგორ ხდებოდა მათი ფინანსურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური მომზადება უფრო მაღალ სტადიაზე გადასასვლელად“, - წერს გოცირიძე.
დეპუტატი სტატუსის გონივრულ გამოყენებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლება წნეხის ქვეშ უნდა ამყოფოს, რათა ყველა ნაბიჯი სწრაფად შესრულდეს.
„სტატუსის გონივრულად გამოყენება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ცხოვრების ( მათ შორის პოლიტიკური) ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს.
სანამ ხელისუფლება არ შეცვლილა, დარჩენილი დრო არ უნდა დავკარგოთ და ხელისუფლება უნდა გვყავდეს მუდმივი წნეხის ქვეშ, რათა ვაიძულოთ დაიწყოს ახალი რეკომენდაციების შესრულება ( ნაწილობრივ მაინც საქმე წინ რომ წავიგდოთ). შეასრულებს, არ შეასრულებს, აწყობს შესრულება, არ აწყობს, ოპოზიცია რაში იხეირებს ერთ ან მეორე შემთხვევაში და ა. შ. ლოგიკური კითხვებია, მაგრამ მხოლოდ თანმდევი. სტატუსის მიღებამდე მსგავსი დისკუსია აცდენილი იყო მთავარ შინაარსს და ქვეყნისათვის ისტორიული მნიშვნელობის პროცესი პრაგმატული პოლიტიკური სარგებლიანობის დონემდე იყო დაყვანილი.
მოხდა ის, რასაც ორი ათეული წლის შემდეგ თუ წარმოვიდგენდით. ახლა სხვა მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, მათ შორის ძველი შეცდომების გადაფასებით. მაგალითად, შეცდომა იყო იმის მტკიცება, როცა ვამბობდით, რომ ოცნებას სტატუსი არ უნდა. ძალიანაც უნდა, ოღონდ რეკომენდაციების შემსრულებლის გარეშე, ანუ ისეთი ქმედებების გარეშე, რომელიც შეარყევს მის ძალაუფლებას, დაასუსტებს და ხელს შეუშლის ძალაუფლების შენარჩუნებაში.
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზა გადის ხელისუფლების ცვლილებაზე. თუ ამას მიხვდება ყველა, პირველ რიგში ამომრჩეველი, ხელისუფლებაც შეიცვლება“, - წერს რომან გოცირიძე Facebook-ის პირად გვერდზე.