ფრაქცია “ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები რისკიან ბიზნესში თანხების ჩადებას და კორუფციის რისკების ზრდას გამოიწვევს.
როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის მიზნებს ემსახურება.
"მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს - საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები შედის ასევე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში. ეს გამოიწვევს რისკიან და არამოგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას. ამას თან ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც, რადგან ფული სახელისუფლებო ბიზნესების (მაგ. სამშენებლო კომპანიების) დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს. ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამ ცვლილებების პარლამენტში გატანის შესაძლებლობა. ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს ემსახურება", - წერს რომან გოცირიძე.
ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალური შეცვლა იგეგმება. საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო.
რა იცვლება საპენსიო სისტემაში - მთავრობის კანონპროექტი სრულად