საქართველოს საპენსიო სააგენტოს საბჭოს წევრების გათავისუფლების უფლება პრემიერ-მინისტრს ექნება - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა წარადგინა. ფრაქცია "ევროოპტიმისტების" წევრმა, რომან გოცირიძემ მას ახალი საბჭოს წევრების გათავისუფლების ახალი წესის შესახებ დაუსვა კითხვა. მისი თქმით, კანონპროექტის ჩანაწერი, რომ საბჭოს წევრის გათავისუფლება შესაძლებელია ზედიზედ სამი არასაპატიო გაცდენის, ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, წარმოადგენს მთავრობის მხრიდან საბჭოს წევრებზე ირიბი ზეწოლის მოხდენის მექანიზმს. გოცირიძის განმარტებით, ამჟამად არსებული კანონმდებლობით, საინვესტიციო საბჭოს წევრის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის მიერ მისი იმპიჩმენტის გზით, რაც დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი გარანტიაა.
"კომისიის წევრს ეტყვის პრემიერ-მინისტრი შენ ცუდად მუშაობ, რას ნიშნავს ცუდად და არაჯეროვნად მუშაობა? შესაძლებელია, რომ საბჭოს წევრი შეეწინააღმდეგოს მთავრობას რომელიმე კონკრეტულ პროექტში ფულის ჩადებაზე, მთავრობას კი ექნება უფლება მას გამოუცხადოს, რომ "ცუდად მუშაობს" და გაათავისუფლოს. შესაბამისად, მმართველობითი სტრუქტურა ექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ,"- აცხადებს რომან გოცირიძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი კი რომან გოცირიძეს პასუხობს, რომ მთავრობას უნდა შეეძლოს გაათავისუფლოს საბჭოს წევრი, თუკი ის აცდენს და სამსახურებრივ უფლებამოსილებას არაჯეროვნად ასრულებს. ამასთან, ნადარეიშვილის თქმით, საპენსიო სააგენტოს ეფექტიან მართვაზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა, რადგანაც ამ ფონდში 1.3 მილიონი მოქალაქის დანაზოგები ინახება.
"სამ გაცდენას რაც შეეხება, ეს ადამიანი გინდა ბორდის წევრი იყოს, გინდა მასწავლებელი თუ ავტობუსის მძღოლი, უნდა იყოს პასუხისმგებლობა.
მთავრობა გამოვიდა მართვიდან, მაგრამ არსად არ წასულა ის პასუხისმგებლობა, რაც მთავრობას აქვს 1.3 მილიონი მოქალაქის მიმართ. სახელმწიფო საპენსიო ფონდებს არათუ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, არამედ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს,"- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
საქმე ისაა, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტოს ჰყავს ორი საბჭო, ერთია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან არის დაკომპლექტებული. ხოლო მეორე საბჭოა საინვესტიციო საბჭო, რომელიც ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებისგან კომპლექტდება. ამჟამად აღნიშნულ საბჭოში 4 წევრია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ეს ორივე საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. ამ საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს, ასევე მათი გათავისუფლების უფლებაც პრემიერ-მინისტრს ექნება, რისი მიზეზიც არაჯეროვანი მუშაობა და ზედიზედ სამი არასაპატიო გაცდენა შეიძლება გახდეს.