პარლამენტი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც საპენსიო სააგენტოს დაფინანსების მოდელი იცვლება. ამ ცვლილებით სააგენტოს უფრო დიდი მოცულობის დაფინანსების მიღება შეეძლება.
არსებული მდგომარეობით, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მისი ყოველწლიური ბიუჯეტი დააფინანსოს თავად ფონდის ზომის 0.5%-ის ოდენობით, ეს კი არსებული მდგომარეობით (ფონდი 5 მილიარდ ლარს შეადგენს) 25 მილიონ ლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით კი საპენსიო სააგენტოს მართვის საკომისიო, ანუ ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობა, რომლის გაწევაც ფონდს შეეძლება იქნება საპენსიო ფონდის ზომის 0.75%, ეს კი 5 მილიარდი ლარის ფონდის ზომით 37 მილიონი ლარის დაფინანსებას შეადგენს.
დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე თუ რაში სჭირდება საპენსიო სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი პასუხობს, რომ სააგენტოს გაზრდილი დაფინანსებით შეეძლება უფრო რთული საინვესტიციო აქტივების სარგებლიანობის შეფასებაც, რომელსაც ამჟამად ფონდი ვერ ახდენს. ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ არაერთ ევროპულ ქვეყნებში საპენსიო სააგენტოს მართვის საკომისიო ფონდის ზომის 1%-ს შეადგენს.
"რაც შეეხება საკომისიოს, როგორც იცით პირველ წლებში ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, სააგენტოს ფუნქციონირება, იმიტომ რომ დანაზოგები მცირე იყო გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გადავიდა პროცენტულ ანაზღაურებაზე. დღეს არის 0.5% როგორც აღნიშნეთ. ამ ბიუჯეტს ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მინისტრებისგან შედგება. ბოლო წლებში, როდესაც ბიუჯეტი ამ გზით ანისაზღვრება, მაქსიმალური ათვისება არცერთ წელს არ ყოფილა. შესაბამისად, 0.5% არის ზღვარი და არა აუცილებლად დასახარჯი ფული. პრინციპი არ იცვლება, 0.75% არის მაქსიმალური ზღვარი რომელსაც განსაზღვრავს მთავრობა და ბიუჯეტის ფორმირება დელეგირდება იმ ფონდზე, რომელიც დაკომპლექტდება. კითხვაზე თუ რატომ ვზრდით, ეს დაკავშიებულია მათ შორის აუთსორსინგთან, რათა დააფინანსოს რთული ფინანსური აქტივების მართვა, რისი კომპეტენციაც არ არის, ასევე ის მიდგომა რომ უცხოელები იყვნენ, რადგან ბევრი კომპეტენცია აქვთ ისინი ქართული სამომხმარებლო კალათიდან არ იღებენ ანაზღაურებას, ისინი საერთაშორისო ექსპერტები არიან და საერთაშორისო ფონდებიდან იღებენ ანაზღაურებას. 1% არის საშუალოდ ასეთი ფონდების დაფინანსება დასავლეთში, ევროპულ ქვეყნებში,"- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი 16.5 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც დასაქმებულთა ხელფასებზე 8 მილიონი ლარი მოდის.