კვლევა-ძიებით დაკავებული კომპანიები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა BMG-სთან განაცხადა. მისი განმარტებით, ამ სტატუსის მქონე კომპანიები ისარგებლებენ იმავე საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც ამჟამად "საერთაშორისო კომპანიის" სტატუსის მქონე კომპანიებზე ვრცელდება.
ეს შეღავათი გავრცელდება კომპანიებზე, რომლებიც ტექნოლოგიების, სამედიცინო, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის სხვა სექტორებში საქმიანობენ იმ მიზნით, რათა შექმნან ახალი ინოვაციური პროდუქტი/სერვისი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ საგადასახადო შეღავათით საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს ადგილობრივი კვლევა-ძიების ტალანტის განვითარებას, ასევე ამ მიმართულებით ფართო რეგიონის ქვეყნებში არსებულ კომპანიებს საქართველოში ბაზრებისკენ უბიძგოს.
აღნიშნული საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო და მოგების გადასახადებზე ვრცელდება.
"ამ ეტაპზე საუბარია, რომ ე.წ. R&D კომპანიები, ანუ კომპანიები, რომლებიც კვლევებით არიან დაკავებული კვლევის და განვითარების მიმართულებით გაუთანაბრდეს საგადასახადო ნაწილში საერთაშორისო კომპანიებს ანუ მათაც შეეხებათ მხოლოდ 5%-იანი საშემოსავლო და მოგების გადასახადის რეჟიმი", - განმარტავს ირაკლი ნადარეიშვილი.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ საგადასახადო შეღავათზე მუშაობს, რაც კომპანიებისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ამ სტატუსის ფარგლებში სტარტაპები 3 წლის ვადით გათავისუფლდებიან ყველა გადასახადისგან.
"საქართველო პოზიციონირებს, როგორც საინტერესო ცენტრი რეგიონული სტრატაპებისთვისაც გამომდინარე იმ პროექტებისა, რომელიც არსებობს. ინიციატივები, რომლების საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო მეტი წახალისებისთვის არის მიმართული.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანია არ გადაიხდის არსებობის პირველი სამი წლის განმავლობაში გადასახადებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი სტრატაპებისთვის, ასევე რეგიონის სტარტაპების მიერ საქართველოს განხილვა იმ ადგილად სადაც მათ საკუთარი სტარტაპ იდეების და ბიზნესის განვითარება სურთ,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.