ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, საქართველოში ინოვაციური სტატუსის მქონე სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების ამოქმედება მიმართულია საქართველოს, როგორც ინოვაციების მიმართულებით რეგიონული ცენტრის განვითარებაზე შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ შეღავათის გათვალისწინებით, საქართველოში არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური სტარტაპებიც გადაწყვეტენ განაგრძონ საქმიანობა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
"საქართველო პოზიციონირებს, როგორც საინტერესო ცენტრი რეგიონული სტრატაპებისთვისაც გამომდინარე იმ პროექტებისა, რომელიც არსებობს. ინიციატივები, რომლების საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო მეტი წახალისებისთვის არის მიმართული.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანია არ გადაიხდის არსებობის პირველი სამი წლის განმავლობაში გადასახადებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი სტრატაპებისთვის, ასევე რეგიონის სტარტაპების მიერ საქართველოს განხილვა იმ ადგილად, სადაც მათ საკუთარი სტარტაპ იდეების და ბიზნესის განვითარება სურთ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ მთავრობის მიერ მიღებული საგადასახადო შეღავათებმა ხელშესახები ეფექტები უკვე გამოიღო, რაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსს უკავშირდება. ამ სტატუსს უკვე 120-ზე მეტი კომპანია ფლობს, ხოლო მათ მიერ მომსახურების ექსპორტმა 2023 წელს 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
"საერთაშორისო კომპანიის სტატუსის, ვფიქრობ, ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რაც ძალიან კარგად არის გამოხატული კონკრეტულ რიცხვებში. 120-ზე მეტი ტექნოლოგიური IT კომპანია დღეს არის ბაზირებული და აწვდიან სერვისებს საქართველოდან. 10,000-ზე მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დასაქმდნენ ძალიან მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ სამსახურებში, ამასთან ეს კომპანიები აქტიურად აკეთებენ ინვესტიციებს IT საგანმანათლებლო საქმიანობებში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
2023 წლის მდგომარეობით თითქმის მილიარდი ლარი არის ამ კომპანიების სერვისების ექსპორტის მაჩვენებლები და ამან მთლიანად შეცვალა საქართველოს სერვისების ექსპორტის სტრუქტურა", - ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი.
საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება. კომპანიები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ 3 წლის ვადით ყველა გადასახადისგან გათავისუფლდებიან.