საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროოპტიმისტებმა“ საკანონმდებლო ორგანოში ახალი კანონპროექტი დააინიცირეს, რომელიც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას“ ეხება. კონკრეტულად კი ფიზიკური პირების მიერ არასაცხოვრებელი დანიშნულებით უძრავი ქონების გაქირავების ან იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის 20%-დან 5%-მდე დაწევას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზს იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლებიც აქირავებენ ან იჯარით გასცემენ ბინებს, სახლებს ან სხვა უძრავ ქონებას. აღსანიშნავია, რომ დღეს საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5%-ით, მაშინ, როდესაც გაქირავება სხვა მიზნით, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით, იბეგრება 20%-ით.
„ამავე განაკვეთით იბეგრება კომერციული ფართობის საოფისე დანიშნულებით გაქირავებაც ფიზიკური პირის მიერ, ისევე როგორც ბინის ან მიწის იჯარით გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი. ეს კი არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებული მიზნით აქირავებს ან იჯარით გასცემს შესაბამის ქონებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი შეზღუდვა დაუწესა არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნეს-სექტორს, არამედ ამ სფეროზე პირდაპირი ზეგავლენის მქონე სხვა დარგებსაც, რამაც საბოლოო ჯამში ფასები უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად გააძვირა. გამომდინარე ამ მოცემულობიდან, დროთა განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს სულ უფრო უმცირდებათ შესაბამისი სექტორიდან არსებული და პოტენციური შემოსავლის წყარო. გარდა საგადასახადო შეღავათისა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაც არის, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ, დაუბეგრავი თანხები ბიზნესის გასაფართოებლად მიმართონ“, - აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
ცვლილებების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაც არის, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ, დაუბეგრავი თანხები მიმართონ ბიზნესის გასაფართოებლად.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების კუთხით ახდენს გავლენას.
„ფიზიკურ პირთა მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების მიხედვით გადახდილმა საშემოსავლო გადასახადმა 2022 წელს შეადგინა 11.4 მლნხ ლარი (შემოს. კლას. კოდი 1.1.1.1.1.11). აღნიშნული მონაცემი მოიცავს ფიზიკური პირის მიერ ყველა სახის ქონების ფიზიკურ და იურიდიულ პირზე იჯარის სახით გაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე გადახდილ საშემოსავლო გადასახადს.
ვინაიდან კანონის პროექტი ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 5 პროცენტამდე შემცირებას მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მხოლოდ არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავების შედეგად მიღებულ შემოსავალთან მიმართებით, ცვლილებით გამოწვეული ეფექტის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია და საჭიროა გარკვეული დაშვებების გაკეთება. კერძოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიზიკურ პირთა მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნახევარს შეადგენს ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან გადახდილი გადასახადი. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 4.3 მილიონი ლარით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2025 წლის 1 იანვარს ასახლებენ და განმარტავენ: „ვინაიდან კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი, მისი მიღება ვერ ესწრება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის დამტკიცებამდე, შესაბამისად, ეს კანონი ამოქმედდეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან - 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას“.