მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილება მიღებულია - 2028 წლამდე მოქალაქეთა დანაზოგები ნაკლებად რისკიან პორტფელში დარჩება

საპენსიო სააგენტო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით ერთხმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა.

საქმე ისაა, რომ 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა კანონის წინა რედაქცია, რომლითაც 40 წლამდე პირების საპენსიო დანაზოგები ავტომატურად დინამიურ “მაღალრისკიან” პორტფელში განთავსდა. საპარლამენტო უმრავლესობაში აგვისტოშივე განაცხადეს, რომ კანონში ცვლილებებს შეიტანდნენ და საბაზისოდ ყველა ბენეფიციარის საპენსიო ანგარიში დაბალრისკიან პორტფელში დარჩებოდა და მაღალრისკიანში მხოლოდ მაშინ გადავიდოდა, თუკი მოქალაქე შესაბამის განცხადებას დაწერს. შესაბამისად, ამჟამად მოქალაქეთა დანაზოგები მართალია სხვადასხვა პორტფელში არის გადანაწილებული, თუმცა თავად პორტფელების შემადგნლობა მსგავსია.

ამჟამად საპენსიო ფონდის პორტფელების მოცულობები ასეთია:

  • ნაკლებადრისკიანი პორტფელი - 461 მილიონი ლარი;
  • საშუალორისკიანი პორტფელი - 600 მილიონი ლარი;
  • მაღალრისკიანი პორტფელი - 2.87 მილიარდი ლარი.

დანაზოგების ნახევარზე მეტი თითოეული პორტფელიდან ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის ინვესტირებული, შემდეგ ადგილზეა აქციები და სახაზინო ობლიგაციები.

საპენსიო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მაღალრისკიანი პორტფელიდან 20.5% საერთაშორისო აქციებში არის ინვესტირებული, რაც 574 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ აქციების და ფონდების ჩამონათვალი ასეთია:

  • SPDR S&P 500 ETF Trust (SPY);
  • Vanguard FTSE Pacific ETF (VPL);
  • Vanguard FTSE Europe ETF (VGK);
  • Vanguard FTSE EM Markets ETF (VWO);
  • iShares Latin America 40 ETF (ILF);
  • Franklin FTSE Canada ETF (FLCA).

რა სხვაობაა საინვესტიციო პორტფელებს შორის - კანონით განსაზღვრული ლიმიტები:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი (სულ მცირე 5-წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

75%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

100%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

20%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

20%-მდე

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

50%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

75%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

20%-დან 40%-მდე

სხვა აქტივები

10%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

40%-მდე

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

25%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

50%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

40%-დან 60%-მდე

სხვა აქტივები

10%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

60%-მდე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები