„ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა მიზანი - ვბრუნდებით იქ, სადაც გვეკუთვნის ყოფნა“, - განაცხადა ფინანსისტმა და ყოფილმა დიპლომატმა ირაკლი ლაითაძემ „წერტილში“ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრისას.
ფინანსისტის აზრით, გარდა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ასეულობით მილიონი ევროს ფონდებზე წვდომის საშუალებას უხსნის, ის ქვეყანას უფრო რეიტინგულს ხდის.
"სანდო სახელმწიფოს იმიჯი კი, როგორც ბიზნესს, ისე ქვეყანას დაეხმარება უცხოური კაპიტალის უფრო იაფად მოზიდვაში - იქნება ეს ინვესტიციები თუ კრედიტები, თუმცა არანაკლებ ღირებულია ის, რომ გამოიკვეთა მიზანი - ვბრუნდებით იქ, სადაც გვეკუთვნის ყოფნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, საით მივდივართ, რაც აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა გვითხრეს, რომ გელოდებით - კარი ღიააო“, - აღნიშნა ირაკლი ლაითაძემ და იქვე დასძინა, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ძნელი გზის გავლა მოგვიწევს - „თუმცა 1000 კილომეტრის გავლა, იწყება ერთი ნაბიჯის გადადგმით“.
„წერტილთან“ ინტერვიუში ყოფილმა დიპლომატმა 1990-იანი წლებიც გაიხსენა, როდესაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში პირველი ნაბიჯები იდგმებოდა. მაშინ ირაკლი ლაითაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
„1994 წელს, როდესაც ჩვენი სამუშაო დელეგაცია წავიდა ბრიუსელში, არათუ ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილება გვქონდა, არამედ ზოგიერთი ჩვენგანი ევროპაში ნამყოფიც არ იყო, თუმცა გვქონდა შინაგანი რწმენა, რომ ვბრუნდებით იქ, საიდანაც ამოგვგლიჯეს; რეალურად, მაშინ არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, თან იმ დონეზე, რომ თვითმფრინავის ბილეთების ფული კი ეყო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ სასტუმროში ცხოვრების ხარჯი ევროკომისიამ აგვინაზღაურა... მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მწვანე ფერის დიპლომატიური პასპორტი გვქონდა, რომელზე შტამპი მიანიშნებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილებაა... იმ დროს მხოლოდ შინაგანი რწმენა გვამოძრავებდა და ამ რწმენამ თავისი შედეგი გამოიღო.
2-წლიანი შეხვედრების რაუნდი, რომელიც რიგრიგობით ბრიუსელსა და თბილისში ტარდებოდა, დაგვირგვინდა შედეგით - 1996 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მთავარი მიზანი იყო მთავარი მიზანი იყო მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი; საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის; ვაჭრობისა და ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარების და ა.შ. სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა. სწორედ, ეს შეთანხმება იყო პირველი სამართლებრივი ბაზა, რაზედაც ყველა შემდგომი თანამშრომლობა დაფუძნდა“, - განაცხადა ირაკლი ლაითაძემ.
საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თავდაპირველად პარტნიორობა ძირითადად ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებას მოიცავდა.