"გირჩის" დეპუტატმა, ჰერმან საბომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში მიმართა, ასწიოს განბაჟების ზღვარი, რითაც საარჩევნო წელს მოქალაქეების კეთილგანწყობას გაზრდის.
კობახიძის თქმით, ეს საკითხი პარლამენტისთვის ახალი არ არის, თუმცა რთული საკითხია, რაზე მსჯელობაც შესაძლებელია.
"ამ საკითხს თავის დროზე ბატონი ლევან იოსელიანი აყენებდა, როცა პარლამენტარი იყო. არ არის მარტივი საკითხი, რთული საკითხია. ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ბევრი ადამიანი ყიდულობს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას საზღვარგარეთ და შემდეგ უწევთ განბაჟება, თუ 300 ლარს აღემატება. რთული საკითხია, თუმცა მეორე მხრივ, ამ ზღვრის აწევა ხელს უწყობს ფულის მეტად გადინებას, ხელს უშლის ადგილზე მათ შორის წარმოების განვითარებას. რთული საკითხია, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვნახოთ", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში პარტია ,,მოქალაქეების" მიერ 2022 წელს ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი, ნაცვლად 300 ლარის ღირებულებისა.
300 ლარიანი ლიმიტი 2009 წელს დადგინდა. სწორედ ეს არის ოპოზიციის არგუმენტი, ზღვრის ზრდის მოთხოვნისას, რომ მსყიდველუნარიანობა იგივე აღარაა და მოქმედი კანონმდებლობა არ პასუხობს არსებულ რეალობას.