"არ არის სწორი შეფასება, რომ თუ რამე ვითარდება [სოფლის მეურნეობაში], დონორების დახმარებით ვითარდება", - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ bmg-ის კითხვას, ევროპული დახმარებების შესაძლო შეჩერების შესახებ. თენგიზ ნასარიძის განცხადებით, ქვეყანას საკმარისი ფული აქვს.
"არ არის სწორი შეფასება, რომ თუ რამე ვითარდება [სოფლის მეურნეობაში], დონორების დახმარებით ვითარდება. არ ვამბობ, რომ არ დაგვხმარებიან, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მათი დახმარებით არ კეთდება. ფინანსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს. ფინანსები, მადლობა ღმერთს, ქვეყანას საკმარისად აქვს, მისი მზარდი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით. გჭირდება ევროპული გამოცდილება, პრაქტიკა, კომპეტენცია და სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ფერმერების გამოცდილების გამდიდრებაზე", - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
მაშინ, როდესაც მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაში დონორების წილი დაბალია, თენგიზ ნასარიძე დასძენს, რომ გაერო-ს სურსათის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოში 4 მილიონ ევროს გამოყოფს.
"ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ პარტნიორებთან. სტრატეგიულ მეგობრებთან ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაა ჩართული. ის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4 მილიონ ევროს დახარჯავს. მუნიციპალიტეტებთან ჩართულობით, საჭიროებები გამოვლინდება", - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2019-2024 წლებში სამინისტროებმა 10-ჯერ მეტი დახმარება მიიღეს ევროკავშირისგან, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ. ევროპული კომისიის მონაცემებით, საქართველოში, 2019-2024 წლებში საჯარო უწყებებს ევროკავშირისგან მიღებული აქვთ 518 მლნ ევრომდე დახმარება (აქ შედის €75-მილიონიან სესხს COVID-ის დრო), მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებაზე 46.1 მლნ ევრო, ხოლო კერძო სექტორზე 6.1 მლნ ევრო მიიღეს.
ევროკავშირისგან ყველაზე მეტი თანხის ერთ-ერთი მიმღები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო. მან ჯამში 57 მლნ. ევრო მიიღო.