აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2014-დან 2021 წლის ჩათვლით სახელმწიფო აგროდაზღვევით პოლისების სუბსიდირება რიგ შემთხვევებში დროულად არ ხდებოდა. აუდიტის დასკვნით, რიგ შემთხვევებში პოლისისთვის სუბსიდირების საბოლოო სტატუსის მინიჭება მისი გაცემიდან არაგონივრული დროის შემდეგ ხორციელდება. ასევე, 25 018 შემთხვევაში სუბსიდირების საბოლოო სტატუსი მინიჭებულია დაზღვევის პერიოდის დასრულების შემდგომ, საიდანაც 28%-სთვის სტატუსის მინიჭებამდე დადგა ზარალი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ დღეს გამართულ აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განმარტა, პოლისების დაგვიანება სოფლის განვითარების სააგენტოში არსებული ხარვეზების გამო ხდება, თუმცა მას ფერმერებისთვის ზარალის ანაზღაურებაზე გავლენა არ აქვს.
“ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი შემთხვევა, რომ ამ მიზეზით, რომელიმე ფერმერს გადახდაზე შეფერხება ჰქონოდა, ან ანაზღაურება დაგვიანებული ყოფილიყო - არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს, სხვადასხვა მიზეზების გამო, პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების თუ ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 80-დღიან ვადას ყოველთვის ვერ იცავს, მაგრამ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს უშუალოდ ფერმერის მიმართ სადაზღვევო კომპანიის ანაზღაურებაზე, ეს არის მხოლოდ მენეჯმენტის საკითხი. ეს ჩვენი ადმინისტრირების ნაწილია და არა ფერმერსა და სადაზღვევო კომპანიას შორის და, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს გავლენას არ ახდენს ფერმერის ანაზღაურებაზე. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ გვიან მინიჭებული პოლისის გამო ფერმერს ზარალი არ აუნაზღაურდა”, - ამბობს თენგიზ ნასარიძე.