მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ არსებობდა [წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის] გამოყენების საფუძვლები" - ომბუდსმენი

აქცია

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამ დროისათვის, მონიტორინგის ფარგლებში საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერების გაცნობის და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, საზოგადოებას 30 აპრილის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასებები წარუდგინა. როგორც შეფასებაშია აღნიშნული, არ არსებობდა წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენების საფუძვლები:

  • "პარლამენტის პიკეტირების მონაკვეთი: ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლების მოთხოვნა, შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური თუმცა, მთავარია გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც აპარატის დაკვირვებით ცალკეულ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო სახეზე.
  • წიწაკის სპრეის მონაკვეთი: მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ სამართალდამცავებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, როგორც დამიზნებით, ასევე ზოგადად აქციის მონაწილეების მიმართ. წიწაკის სპრეის აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გამოიყენეს, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძვლები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეთა გაფრთხილება.
  • სხვადასხვა საშუალებების გამოყენების დაწყება: 23:22 საათიდან სამართალდამცავებმა, გაფრთხილების გარეშე, ცრემლსადენი გაზის დიდი რაოდენობა გააფრქვიეს. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებულ გაფრთხილების განცხადებას თითქმის მაშინვე მოჰყვა წყლის ჭავლის გაშვება. სახალხო დამცველი, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად მისი დაშლისკენ მოწოდებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ შეკრების მონაწილეები მშვიდობიანად აგრძელებდნენ პროტესტს, ხოლო სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის) გამოყენება რამდენიმე საათის განმავლობაში, გარკვეული პერიოდის შუალედებით, კვლავ გრძელდებოდა, უკვე რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებული აქციის მონაწილეთა მიმართ.

სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მისი განმარტებით, სამართალდამცავებმა სცემეს.

გარდა ამისა, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტები, საქმიანობაში ხელი შეეშალა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს.

  • დაკავებულთა მონახულება: 30 აპრილის ღამის და 1 მაისის მთელი დღის მანძილზე სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა 49 პირი მოინახულეს. მათგან, 47 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

31 პირი მიუთითებდა პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე/არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

დაკავებულებთან ვიზიტები ამ წუთებშიც გრძელდება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტები;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

  • გაატაროს ყველა კანონისმიერი ეფექტიანი ღონისძიება 30 აპრილს/1 მაისს სამართალდამცავი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების მქონე თითოეული ფაქტის გამოძიების, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გატარების მიზნით", - წერია სახალხო დამცველის შეფასებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები