მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ ჩანს პერსპექტივა, რამ უნდა მისცეს ახალი ენერგია ეკონომიკას" - ინტერვიუ გიორგი ხიშტოვანთან

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის გამო, საქართველო შედის ახალ ფაზაში და არ ჩანს პერსპექტივა, რამ უნდა მისცეს ახალი ენერგია საქართველოს ეკონომიკას და ბიზნესკლიმატს. ბიზნესის კლიმატსა და კერძო სექტორის მდგომარეობაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" BAG-ინდექსის პირველი კვარტალის შედეგების საფუძველზე ისაუბრა. ეკონომისტის შეფასებით, რისკებს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან და იზოლაციიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკას ემუქრება, კარგად იაზრებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც და სწორედ ამით ხსნის გიორგი ხიშტოვანი გახშირებულ ოფიციალურ ვიზიტებს აღმოსავლეთის ქვეყნებში.

BAG-ის ინდექსის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესის მოლოდინი, ბიზნეს კლიმატი და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ანუ სამივე შედეგი გაუარესებულია.

BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. საქართველოს ბიზნესასოციაცია 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, ჯამში კი, 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს.

- 2025 წლის პირველი კვარტალის BAG - ბიზნესის მდგომარეობის ინდექსი გაუარესებულია. თქვენი აზრით, რატომ და რას ნიშნავს ეს?

- ინდექსის ქულა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ბიზნესის კლიმატი, მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესებულია და ყველა მტკიცება, კომენტარი თუ შეფასება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ საქართველოში ბიზნესის მდგომარეობა უკეთესია ან მინიმუმ ისეთია, რაც 2024 წელს იყო, არ შეესაბამება სიმართლეს. ამას მოწმობს სწორედაც BAG ინდექსი, რომელიც წარმოადგენს მსხვილ და საშუალო ბიზნესს. ამდენად, ჩემი შეფასებით, რომელიც BAG-ის ინდექსს ეფუძნება, საქართველოში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია. რაც შეეხება მიზეზებს, ერთ მთავარ ფაქტორს ვახსენებ - მოთხოვნის და გაყიდვების შემცირება. კერძოდ: ვაჭრობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 43% აფიქსირებს გაყიდვების კლებას (27% აფიქსირებს ზრდას); მომსახურების სექტორში გამოკითხული კომპანიების 37% აფიქსირებს გაყიდვების კლებას (23% აფიქსირებს ზრდას); მრეწველობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 35% პროცენტი აფიქსირებს გაყიდვების კლებას (29% აფიქსირებს ზრდას); მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 25% აფიქსირებს გაყიდვების კლებას (25% აფიქსირებს ზრდას).

- ბიზნესის მდგომარეობისგან და ბიზნესის კლიმატისგან განსხვავებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მოლოდინების ინდექსი გაუმჯობესებულია. როგორ ხსნით აღნიშნულს - მხოლოდ ოპტიმიზმია ფაქტორი?

- სხვა ახსნა არ მაქვს... ცოტა ცინიკური პასუხიც მექნება - ჩვენ გვახსოვს, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აირჩიეს, „ოცნება“ საუბრობდა იმაზე, რომ აშშ-თან ურთიერთობებს ერთ თვეში დაალაგებდა - ეს ასე არ მოხდა. ახლა ნარატივია, რომ 6 თვეში დალაგდება ყველაფერი, ნუ ასე იყო ვიდრე ტრამპის სატარიფო პოლიტიკა საქართველოზეც არ გავრცელდებოდა. შესაბამისად, მიმდინარე მძიმე მდგომარეობის პარალელურადაც, ჩემი აზრით, ბიზნესს აქვს „ქართული ოცნების“ რწმენა, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, 6 თვეში დასრულდება და ეკონომიკა ზრდის იმ მაღალ ტრაექტორიას დაუბრუნდება, რაც 2023-2024 წლებში ჰქონდა. ჩემი პირადი პროგნოზით, ეს მოლოდინი არარეალურია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თუ ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ „ოცნების“ მიერ კანონმდებლობიდან „გენდერის“ ტერმინის ამოღება ან DOGE-ის ქართული ვარიანტის შექმნა პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვას არ უშველის. ვფიქრობ, BAG-ის წევრი კომპანიები დღეს რომ ავსებდნენ კვლევის კითხვარს, მათი ოპტიმიზმი ბევრად მოზომილი იქნებოდა. მოგეხსენებათ, BAG-ინდექსისთვის კომპანიების გამოკითხვა 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. ამდენად, ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება მეორე კვარტალის BAG ინდექსის შედეგი - ვნახავთ, მსხვილი და საშუალო ბიზნესის ოპტიმიზმი რამდენად რეალიზდება. ჩემი აზრით, ბიზნესი ზედმეტად ოპტიმისტურია.

- BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ლარის კურსის არასტაბილურობა ბიზნესისთვის ხელშემშლელ ხუთ ფაქტორს შორის ბოლოდან პირველ ადგილზე დაწინაურდა. თუ მოლოდინები პოზიტიური აქვთ, ლარის რყევებისადმი შიში რით აიხსნება?

- ხანდახან [კვლევის ჩატარებასა და გამოქვეყნებას შორის] დროითი დაშორება ართულებს შეფასებებს. როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესმენეჯერების გამოკითხვა 1.5 თვის წინ ჩატარდა. მაშინ ლარის კურსი მნიშვნელოვნად მერყეობდა, ვიდრე ახლა. ზოგადად, ბიზნესი ჰიპერსენსიტიურია და ლარის თუნდაც უმნიშვნელო მერყეობა, ბიზნესისთვის ნომერ პირველ პრობლემად იქცევა, რაც BAG-ის კვლევამაც აჩვენა. თუ მომავალში დიდი შტორმი დაადგა საქართველოს ეკონომიკას, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ლარის კურსთან მიმართებით მსხვილი და საშუალო ბიზნესის მოწყვლადობა ძალიან მაღალია.

- და მაინც, ჯამურად, როცა ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა და კლიმატი გაუარესებულია, რით აიხსნება ის ფაქტი, რომ იგივე ბიზნეს ჯგუფებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ; ასევე აპირებენ მეტი ინვესტიცია ჩადონ და ა.შ.

- აშკარაა, რომ იმ მომენტში, როცა კომპანიები კვლევის კითხვარს ავსებდნენ, ჰქონდათ მოლოდინი, რომ 6 თვეში ყველაფერი კარგად იქნებოდა და ამიტომაც თქვეს, რომ აქვთ მზაობა ინვესტიციების ჩადების, დასაქმების და ა.შ. რაც გვაკვირვებს და რაზედაც პასუხები არ მაქვს, არის ძალიან დიდი სხვაობა არსებულ, საკმაოდ ცუდ მდგომარეობასა და მომავლის ძალიან ოპტიმისტურ ხედვას შორის. როგორც წესი, ეს უკვე კითხვებს ბადებს.

- რა ვერსია გაქვთ - რით ხსნით ამ უცნაურობას?

- ჩემი ვერსიით, ქართული ბიზნესი ზედმეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი ან უნდათ, რომ იყვნენ უფრო ოპტიმისტები. ჩემთვის გასაკვირია ასეთი ოპტიმისტური შეფასება, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესი ოპტიმიზმით ცხოვრობს…

- მთლიანობაში, რას გვეუბნება BAG-ის ინდექსის ბიზნესკლიმატი - როგორ გრძნობს თავს მსხვილი და საშუალოა ბიზნესი, რა შეგვიძლია დავასკვნათ?

- საქართველოს ეკონომიკასა და BAG ინდექსის შედეგზე შეგვიძლია ერთი რამე დავასკვნათ - კარგი პერიოდი, კარგი წლები დასრულდა ან სრულდება და შევდივართ ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატის ახალ ფაზაში, როდესაც ისეთი იდეალური შტორმი, რომელიც ჰქონდა ქართულ ეკონომიკას და ეს გამოიხატებოდა ეკონომიკის ზრდაში, სრულდება. ყველა მიმართულებით ჩანს გამოწვევა და არ ჩანს პერსპექტივა, რამ უნდა მისცეს ახალი ენერგია საქართველოს ეკონომიკას და ბიზნესკლიმატს. შევდივართ ახალ ფაზაში, რომელიც გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობით, ასევე, ფაქტობრივად, სრულდება დასავლეთთან პარტნიორობა და დასრულდა დადებითი საგარეო შოკიც, რაც საქართველოს ეკონომიკას [ზრდაში ეხმარებოდა]. მიუხედავად ამისა, ბიზნესს სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ვფიქრობ, მათთვისაც იწყება ახალი ეტაპი.

- საქართველოს ბიზნესასოციაციას BAG-ინდექსის პირველი კვარტალის შედეგის საჯარო პრეზენტაცია არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, როდესაც მსხვილი და საშუალო ბიზნესის დიდ ნაწილის შეფასებით, ბიზნესის მდგომარეობა და ბიზნესკლიმატი პანდემიურ ნიშნულზეა, მმართველი პარტიისადმი თუნდაც ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენები ხელისუფლებისთვის ეკონომიკაში მოსალოდნელი რისკების ახსნას არ უნდა შეეცადონ?

- ჩემი აზრით, ის, რასაც აკეთებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, არის პასუხი [ეკონომიკაში რისკებზე]. ვგულისხმობ ოფიციალური პირების ტურებს აღმოსავლეთის ქვეყნებში. არ მჯერა, რომ ამ მდგომარეობის [მოსალოდნელი პრობლემების] შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ „ქართულ ოცნებაში“. ყველა მათი ქცევა პასუხია ამ მდგომარეობაზე, მაგრამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი აკრძალული აქვთ და ვიღებთ ამ უცნაურ მდგომარეობას, როდესაც ერთი მხრივ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვამჩნევთ, რომ ისეთ უცნაურ, არადემოკრატიულ ქვეყნებში ისეთ უცნაურ ბიზნეს შესაძლებლობებზე არის საუბარი, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი ძალიან კარგად არ არის; რისკებს ვხედავ, რომ სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე არ მოხდეს, დროებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები