მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დაგვავიწყდეს, რამდენი ომია რეგიონში და საქართველო მაინც ინარჩუნებს მშვიდობას - დეპუტატი

დავით სონღულაშვილი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია ამბობს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა რეგიონში ცხოვრობთ, რა რყევებია, რამდენი ომია და რომ ამის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

- რომელიმე გარდამტეხი ნაბიჯი, საგადასახადო რეფორმა ბოლო ორი წელია არ გვინახავს. სამწუხაროდ ომი კი, ნამდვილად იყო დადებითი შოკი საქართველოს ეკონომიკისთვის...

იმაზე დიდი გარდამტეხი, რომ ქვეყანა იყოს სტაბილურობის გარანტია და განხორციელდეს ინვესტიციები რა შეიძლება მოხდეს? დამატებით, თუ რამე საჭიროა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე სამინისტროები, ასევე პარლამენტი აქტიურად ვმუშაობთ, რომ ნებისმიერ საკითხს, რაც წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას აქტიურად დავუჭიროთ მხარი. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ უმუშევრობა გამოწვევაა, თუმცა კლება იმის ნიშანია, რომ სწორად და თანმიმდევრულად მივდივართ და აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა ეს გამოწვევაც მოკლე ვადებში აღმოვფხვრათ და კიდევ უფრო შევამციროთ ეს ნიშნული და კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ ის ისტორიული მაჩვენებელი, რომელიც დღესაა.

- მთავარია სტატისტიკური მაჩვენებლები იგრძნონ ადამიანებმა...

სტატისტიკური მაჩვენებელი ინდიკატორია, როგორ ვითარდება ეკონომიკა ქვეყანაში. ეკონომიკა ფასდება მაჩვენებლებით. რა თქმა უნდა, ეს შემდგომ საზოგადოებაზე ნაწილდება. თუ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, უნდა ვისაუბროთ რიცხვებზე, ციფრებზე, მაჩვენებლებზე, რომლებიც პირდაპირ გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, არ დაგვავიწყდეს, რომელ რეგიონში ვართ.

- გურჯაანის რეგიონში რომ დადიხართ, რა აწუხებს ხალხს ყველაზე მეტად?

საოცარი ამბავი უნდა გითხრათ, პრემიერის ინიციატივით, ყველა რეგიონის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორის გურჯაანის ცენტრალური ქუჩაც განახლდა და ეს გვაძლევს პირდაპირ შესაძლებლობას ვთქვათ, რომ შემდგომი ქუჩები აუცილებლად განახლდება და საქართველოში ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტები გვექნება.

- საჯარო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, თუმცა მე გეკითხებით რა აწუხებთ გურჯაანელებს ყველაზე მეტად?

სიღარიბე და უმუშევრობა, რა თქმა უნდა იქაც აწუხებთ, თუმცა ხელისუფლება მუშაობს ძალიან ეფექტურად და მაჩვენებლები უმჯობესდება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ქვეყანაში არსებული ტენდენციიდან გამომდინარე გაუმჯობესება აუცილებლად გვექნება. კიდევ ერთხელ, არ დაგვავიწყდეს, რა რეგიონში ცხოვრობთ, რა რყევებია, რამდენი ომია და მიუხედავად ამისა, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები