მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტს - სტარტაპერები დეპუტატებს მიმართავენ

6405fc4be403d
მარიამ ვარადაშვილი
06.03.23 18:42
693
სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრები პარლამენტის წევრებს მიმართავენ და ითხოვენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

BMG მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მეწარმეები და საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.

დღეს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნებთან და დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რამაც ბევრ მეწარმეს და სტარტაპერს მისცა საშუალება, საკუთარი იდეები უფრო დიდ ბაზარზე გაეტანა, მიეღო ცოდნა, განათლება და საკუთარი წვლილი შეეტანა, როგორც უამრავი ადამიანის დასაქმებაში, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკოსისტემის განვითარების 80% სწორედ იმ ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროექტებზე მოდის, რომელთა გავლენის აგენტებად გამოცხადებასაც გეგმავთ, და ეს კანონი შეეხება არამხოლოდ მათ, არამედ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ შესაძლებლობებით სარგებლობდა.

ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ და ვიზრუნოთ ქვეყნის წინსვლაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

ევროპის ერთიანი ბაზარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის. ამ ბაზართან წვდომის მხრივ არაერთი დონორული პროექტი ეხმარება მეწარმეებს, იქნება ეს ცოდნის გაზიარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, სერტიფიცირებისა თუ სტანდარტების დანერგვის მხრივ დახმარება, გამოფენებში მონაწილეობა და სხვა ექსპორტზე ორიენტირებული სერვისებით მეწარმეების მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი შეაფერხებს ამ პროცესებს და ხელს შეუშლის ქართველ მეწარმეებს შევიდნენ და დაიმკვიდრონ თავი ევროპის და ამერიკის ბაზარზე. და დატოვებს ქართველი მწარმოებლების დიდ ნაწილს დამოკიდებულს ისევ რუსეთის არასტაბილურ, მაღალრისკიან და დაბალშემოსავლიან ბაზარზე.

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი. დღეს, ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, დემოკრატიული მომავლის მხარეს. არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს!.

ღია მიმართვას ხელს აწერენ:

თეონა დალაქიშვილი — CDC Business/კომლი/სამეწარმეო განათლების კონსულტანტი
გიორგი ყანჩაველი — პროექტის სკოლა
ანა ავეჩბა — სქილთეიფი (სტარტაპი)
ნატო ჩაკვეტაძე — სამეწარმეო განათლების კონსულტანტი
მარინა ბენდელიანი — ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი / CEPE
ნატალი ქენქაძე — ICPI / ბექას სკოლა
ნანა დიხამინჯია — ალტე უნივერსიტეტი
მიშიკო ჩხოლარია — რა ვაჩუქო — ravachuqo.ge
შორენა ქადიძე — კარიერის აკადემია
თეკლე კაპანაძე — Kidsoffice.ge
ბექა წულაია — დეილი ჯგუფი
დავით ჩეჩელაშვილი — ისარი ვენჩურზ
შალვა ჯინჭარაძე — Agrometi
თეა მხეიძე — სამეწარმეო განათლების კონსულტანტი და ტრენერი".

ცნობისთვის, კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიის წევრებისგან, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები