რუსეთის საზღვაო საკითხების საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ კრემლი ევროპული სახელმწიფოების მიერ რუსული ხომალდების დაკავებას აღარ დაუშვებს და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვის მიზნით გემებს სამხედრო ხომალდებსაც გააყოლებს.
როგორც პატრუშევი ამბობს, ბოლო თვეებში საკმაოდ გახშირდა რუსული ტანკერების შეპყრობის შემთხვევები როგორც ამერიკული, ისე ევროპული მხარეების მხრიდან.
საბჭოს ხელმძღვანელი შიშობს, რომ თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, უახლოეს მომავალში საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ბალტიის სახელმწიფოები რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზებს ბლოკადაში მოაქცევენ და გემებს ატლანტის ოკეანეში გასვლის საშუალებას არ მისცემენ.
პატრუშევი მიიჩნევს, რომ ამ საფრთხის აღკვეთა როგორც გემებისთვის გამცილებელი სამხედრო ხომალდების გაყოლებით, ისე მთლიანად რეგიონში რუსული სამხედრო ფლოტის გაგზავნით შეიძლება მოხერხდეს. კრემლის მაღალჩინოსანმა კატეგორიულად უარყო ევროპული და ამერიკული ბრალდებები, რომ რუსეთი აღნიშნულ მარშრუტებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისთვის იყენებს და თქვა, რომ ეს დასავლეთის მიერ მოგონილი საფუძველია, რათა კანონიერი ხომალდები სრულიად უკანონოდ შეიპყრონ.
პატრუშევმა განაცხადა, რომ NATO საერთაშორისო წესრიგის სრული დარღვევით, უახლოეს მომავალში რუსეთის ექსკლავ კალინგრადის საზღვაო ბლოკადაში მოქცევას გეგმავს, შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწოდა, მოემზადოს სცენარისთვის, როცა ბალტიის ზღვაში რუსული სამხედრო ფლოტის გაგზავნა და კალინგრადის ბლოკადის გარღვევა გახდება საჭირო. ცნობისთვის, რუსეთის საზღვაო საკითხების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებას წინ ევროპის 14 სახელმწიფოს მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება უძღოდა, რომლის თანახმადაც ისინი რუსულ “ჩრდილოვან ფლოტს” ეჭვის შეტანისთანავე გააჩერებენ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიპყრობენ. განმარტებისთვის, აღნიშნულ ხომალდებს კრემლი სანქცირებული პროდუქტების, მათ შორის ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს. ძირითადი მიმღები სახელმწიფო კი ჩინეთია. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ თავად “ჩრდილოვანი ფლოტის” გემები გაყალბებული დოკუმენტაციით მოძრაობენ, შესაბამისად, არ ითვლებიან არცერთი კონკრეტული სახელმწიფოს საკუთრებად. შესაბამისად, როგორც ევროპულ სახელმწიფოებს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ სრული სამართლებრივი უფლება, შეიპყრონ გემი, რომელიც მათ აკვატორიაში უკანონოდ გადაადგილდება.




























