მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება - მილერი

მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბრის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე საუბრით დაიწყო. მან ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ უერთდება მოწოდებას, დარღვევებზე გამოძიების შესახებ.

მილერმა ასევე ისაუბრა მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და არ გამორიცხა, რომ იქნება შემდგომ შედეგები, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება.

"ქართველი ხალხი შაბათს არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა. ამან ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და შეარყია საზოგადოების და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.

ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და ხელისუფლებას მოვუწოდებთ გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების პატივისცემისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ, როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე გააძლიერებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ავტორიტარები აქებენ. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს იხილოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებული ქვეყანა. საქართველოს კონსტიტუცია - ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი, ითვალისწინებს მისწრაფებას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც არ შეესაბამება ამ კურსს.

საქართველოს მთავრობას შეუძლია ხელახლა დაადასტუროს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მიმართ ერთგულება კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად.

მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება“,- განაცხადა მილერმა.

მან არ დააკონკრეტა, რა ზომები შეიძლება გატარდეს და აღნიშნა, რომ პასუხებს საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს.

"საქართველოსთან ურთიერთობა რამდენიმე თვეა გადახედვის პროცესშია. ნახეთ, რომ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა დახმარება, რომელიც განხილვის პროცესშია",- აღნიშნა მილერმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ არჩევნებში სავარაუდო დარღვევებზე საუბარი არაა გამოძიების საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებაზე და არის კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი შეიძლება იყოს სათანადო ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები