პოლონეთს არ აქვს დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაისროლა რაკეტა, რომელმაც აფეთქება გამოიწვია უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელში, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.
„ჩვენი ელჩი დაესწრება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას ნატოს შტაბ-ბინაში... დიდი ალბათობით, ელჩი მოითხოვს მე-4 მუხლის გააქტიურებას, ან მოკავშირეთა კონსულტაციებს“, - განაცხადა მან. გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომხდარი სავარაუდოდ ერთჯერადი შემთხვევა იყო.
დუდამ ისაუბრა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ პოლონეთი გააძლიერებს თავის საჰაერო სივრცის ზედამხედველობას.
„ჩვენ გადავწყვიტეთ გავზარდოთ პოლონეთის შეიარაღებული ძალების შერჩეული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა, განსაკუთრებული აქცენტი კი საჰაერო სივრცის მონიტორინგზე გაკეთდება“, - განაცხადა თქვა მორავიეცკიმ.
შეგახსენებთ: გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად აფეთქება მოხდა და შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ეს იყო უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. თუმცა პოლონურ მხარეს აღნიშნულ ფაქტში რუსეთის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ წინასწარ თქმა არ შეუძლია, თუმცა რაკეტები სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან არ იყო გასროლილი.