სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტია. სექტორი მეორე თვეა მიმტანებს, ბარმენებს და მზარეულებს ეძებს, თუმცა მიწოდება მოთხოვნას ორჯერ ჩამორჩება.
რესტორან „ბლექ დოგ ბარს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ზურა ჩიტაია ამბობს, რომ მართვაში არსებული ხუთ ობიექტში გახსნიდან მეორე თვეს საჭირო კადრების ნახევარი არ ჰყავთ, რაც ხარისხზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს.
„ნამდვილად არ ველოდით ამ პრობლემას, ჩვენი სფეროს გახსნის შემდეგ დავიწყეთ კადრების ძებნა და ნახევარზეც არ ვართ დაკომპლექტებული. ხუთი ობიექტი გვაქვს და უკვე თვენახევარია ყოველდღიურ რეჟიმში ვეძებთ ხალხს და გვიკვირს ამ პანდემიაში სად წავიდნენ. ზოგი ალბათ საზღვარგარეთ, ზოგმა ალბათ მიტანის სერვისში გადაინაცვლა. ელემენტარულად არ გვყოფნის ხელები, ხალხი იღლება, ვერ ასწრებენ მომსახურებას. მაგალითად ერთ-ერთ ჩვენს ობიექტზე გასულ უქმეებზე მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად გახსნილები ვიყავით, ვერ ვიმუშავეთ. მე როგორც ვამჩნევ ჩვენს სფეროში ამ პრობლემას ვერავინ აგვარებს, ერთმანეთს ვთხოვთ დახმარებას და უკვე ამასაც არ აქვს აზრი იმიტომ, რომ გრძელი სიაა და სადღაც ბოლოში ხარ.
ვიცი რომ ლოქდაუნის პერიოდში რთული იყო ნორმალური ანაზღაურების გადახდა, მაგრამ ჩვენ უკვე დავბრუნდით პრაქტიკულად იმ დონეზე, რაც გვქონდა პანდემიამდე, პირობებიც ადეკვატური გვაქვს, კარიერისთვისაც კარგი შესაძლებლობებია, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, მაგრამ სტუდენტებიც ვერ მოვძებნეთ, მოდიან და მიდიან.
საქართველო მომსახურების სფეროში მაღალ დონეზე ისედაც არ არის, ამიტომ ხშირად გვესმის ტურისტებისგან ამაზე პრეტენზია და ახლა ალბათ უფრო გააქტიურდება შეფასებები იმაზე რომ ხარისხი დავარდა. ეს ლოგიკურიც იქნება იმიტომ, რომ 3-4 მიმტანი რომ უნდა გვყავდეს, იქ გვყავს 1-2, ცხადია ეს სტუმრის უკმაყოფილობის წინაპირობაა.“ - განაცხადა bm.ge-თან რესტორანი „ბლექ დოგ ბარს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ზურა ჩიტაიამ.




























