მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე მწარმოებლები აგროპროდუქციაზე მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ - რესტორატორი

გურამ ბაღდოშვილი

ქვეყანაში ხარისხიანი აგროპროდუქტების დეფიციტია - უკვე წლებია სარესტორნე ბიზნესისთვის ადგილობრივი ხორცის, ბოსტნეულის და რძის პროდუქტების შეძენა ყოვედღიურ თავსატეხად იქცა. პრობლემა წლიდან წლამდე სულ უფრო მწვავდება.

შეფ მზარეული და რესტორატორი გურამ ბაღდოშვილი BM.GE-თან ამბობს, რომ ბაზარზე მცირე ზომის მეწარმეები ჭარბობენ და არასაკმარისი რესურსის გამო უწყვეტობას ვერ ინარჩუნებენ. მისი თქმით, ამის გამო ირღვევა მიწოდების ჯაჭვი, ჰორეკა სექტორის კი სულ გადაწყობის რეჟიმში უწევს მუშაობა.

“სათბურები გაქრა საქართველოში. დიდი დიღომი იყო ძალიან ცნობილი, ავჭალა, აფრიკის მხარეს იყო ძალიან ბევრი მესათბურეობა. დღეს უკვე პროდუქცია აღარ მოგვყავს, მეტი წილიო პროდუქტის იმპორტირებულია ირანიდან და თურქეთიდან. ამ პროდუქტს ხარისხი არ აქვს. შესაბამისად ჩვენ გვიწევს მცირე მწარმოებლებთან კომუნიკაცია, თუმცა ისინი ვერ აუდიან ამხელა ბაზარს. საქართველოში სუპერმარკეტები, რესტორნები, მაღაზიები უკვე იმპორტზე მუშაობენ. ბევრი პროდუქტი შემოდის საქართველოში საზღვარგარეთიდან და ასევე ბევრი პროდუქტი ჩვენი ხარისხიანი რაც არის გადის და სხვა ქვეყნები თავისი წარმოების შტამპს არტყამენ. ვგულისხმობ თხილს, კაკალს ან ციტრუსს,”- ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

აგრო პროდუქციის სიმცირის ერთ-ერთ მიზეზად რესტორატორი სასათბურე მეურნეობების ნაკლებობას ასახელებს. მისი თქმით, მცირე ზომის ობიექტებს უწევთ ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან, თუმცა დეფიციტის ფონზე პროდუქტზე ფასები მაღალია, რაც ბიზნესს საბოლოო პროდუქციის გაძვირებას აიძულებს.

მისი თქმით, მსხვილი სარესტორნე ქსელები გათვლას ადგილობრივ პროდუქციაზე უკვე დიდი ხანია აღარ აკეთებენ და იმპორტზე არიან გადართულები, თუმცა ეს კიდევ უფრო ძვირი ჯდება.

“წინა მთავრობის დროს დაინერგა რომ სოფლის მეურნეობის ნაწარმი დღგ-თი არ უნდა იბეგრებოდეს , თუმცა რესტორნების მხრიდან მეორადი გადამუშავება იბეგრება. ეს რა თქმა უნდა ფასს ზრდის ბაზარზე და ინტერესს უკარგავს დიდ წარმოებებს რომ ადგილობრივად შეიძინონ პროდუქცია, ამიტომ უღირთ რომ შემოტანილი პროდუქტი იხმარონ, ვინაიდან იქიდან დღგ ჩაეთვლებათ. ჩვენ თუ პატარა რესტორნები დღეში 1 კილოგრამ ქინძს მოვიხმართ, ისინი 20 კილოგრამს მოიხმარენ. ჩვენ მაინც ხარისხზე ვართ ორიენტირებული, ვირჩევთ ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას, ამიტომ პრობლემების წინაშე ვართ,”- აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

სარესტორნე ბიზნესი აგრარული პროდუქციის შესყიდვისას დღგ-სგან გათავისუფლებას უკვე წლებია ითხოვს. რესტორატორების თქმით, იმის გამო რომ აგრარული პროდუქცია დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებულია, ხოლო მისი შესყიდვისას ჰორეკა სექტორი 18%-ით მაინც იბეგრება, სარესტორნე ბიზნესს ადგილობრივ პროდუქციაზე ხშირ შემთხვევაში უარის თქმა უწევს. ბიზნესი თვლის, რომ ამ მიმართულებით ცვლილებების დროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები